ცხრადღიანი ძებნის შემდეგ, 12 მოზარდი და ფეხბურთის მწვრთნელი ტაილანდის გამოქვაბულში ცოცხლები იპოვეს. თუმცა ახლა მაშველების წინაშე ახალი პრობლემა დგას. გამოქვაბულში წყლის მომატებული დონისა და ტალახის გამო, მათი გამოყვანა ვერ ხერხდება.

ბავშვები და მწვრთნელი ბრიტანელმა მყვინთავებმა იპოვეს. ერთ-ერთმა მაშველმა მათ ვიდეო გადაუღო, სადაც ჩანს, რომ მათ წინ წყალია, უკან კი შავი სივრცე. როგორც მაშველებმა თქვეს, გადარჩენილები დაუძლურებულები არიან. ბავშვები ამბობდნენ, რომ შიოდათ და კითხულობდნენ, რა დღე იყო და როდის შეძლებდნენ გამოქვაბულის დატოვებას. როგორც ექიმები ამბობენ, ბავშვებსა და მათ მწვრთნელს მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული.

ამ ეტაპზე მაშველებსა და სამხედროებს ეშინიათ, რომ მათი დაუყოვნებლივ გამოყვანა ფატალურ შედეგებს გამოიღებს. როგორც BBC წერს, მაშველების წინაშე ორი ვარიანტი დგას: დაელოდონ წყლის დონის კლებას, რასაც თვეები დასჭირდება ან გადარჩენილებს ყვინთვა ასწავლონ, რაც სიცოცხლის რისკთან არის დაკავშირებული.

ბავშვები და მათ მწვრთნელი ოთხი თვის სამყოფი საკვებით მოამარაგეს. სწორედ ამდენი დროა საჭირო, რომ გამოქვაბულში წყლის დონემ საგრძნობლად დაიკლოს.

რა ვარიანტებია ბავშვებისა და მათ მწვრთნელი გადასარჩენად?

მაშველები და მყვინთავები ამბობენ, რომ ჩაყვინთვით მათი გამოყვანა ყველა სწრაფი საშუალებაა, მაგრამ ყველაზე საშიში.

სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდნენ ტაილანდელი მყვინთავი-მაშველები, ბრიტანელი მყვინთავები და ამერიკელი სამხედროები. ოპერაციაში ათასამდე ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის ჯგუფები ჩინეთიდან, ავსტრალიიდან და მიანმარიდან.

მყვინთავებს რამდენიმე საათი დასჭირდათ იმისათვის, რომ წყლის ქვეშ გამოქვაბულის ვიწრო გასასვლელებში გასულიყვნენ და ცურვისთვის გზა გაეთავისუფლებინათ, რათა საბოლოოდ ბავშვებთან და მწვრთნელთან მისულიყვნენ.

როგორც BBC-სთან წყალქვეშა გამოქვაბულებში გადარჩენის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ედ სორენსონმა თქვა, ბავშვების წყლით გამოყვანა მათი გადარჩენის ერთ-ერთ ბოლო ვარიანტად უნდა განიხილებოდეს. მისივე განმარტებით, ნულოვანი ხილვადობის დროს, როდესაც მათთვის მსგავსი ექსტრემალური პირობები უცნობია, მოსალოდნელია, რომ ბავშვებმა პანიკა დაიწყონ, რამაც მათი და, შესაძლოა, მაშველის სიკვდილიც გამოიწვიოს.

გარდა ამისა, ბავშვებმა ყვინთვა არ იციან, ერთ-ერთმა მოზარდმა კი ცურვაც არ იცის. მაშველები ამბობენ, რომ ყვინთვის სწავლას დრო უნდა, გარდა ამისა, ბავშვებს შესაძლოა წყლის შიშიც ჰქონდეთ.

კიდევ ერთ ვერსიად განიხილება გამოქვაბულის გაბურღვა და წყლის ამოტუმბვა, რათა ბავშვების გაყვანა შესაძლებელი გახდეს. თუმცა პრობლემა გამოქვაბულის სქელი კედლები გახდა.

ამასთან, ფიქრობდნენ, რომ გამოქვაბული ისე გაებურღათ, რომ პირდაპირ ბავშვებთან მისულიყვნენ. ამას სპეციალური გზების გაყვანა დასჭირდება, რათა სპეცტექნიკა ადგილზე მივიდეს და იმუშაოს.

როგორც აშშ-ის გამოქვაბულში გადარჩენის კომისიის კოორდინატორი, ანმარ მირზა ამბობს, ეს იდეაც საკმაოდ საშიშია. მისი განმარტებით, იმისათვის, რომ გამოქვაბული სწორად გაიბურღოს მისი სრული შესწავლაა საჭირო.

ამ ეტაპზე ყველაზე უსაფრთხო ვარიანტია, რომ მაშველებმა რამდენიმე კვირა დაიცადონ, რათა წყლის დონემ იკლოს და ბავშვებმა გამოსვლა შეძლონ. მანამდე კი ბავშვები და მათი მწვრთნელი წყლით, საკვებითა და საჭირო ნივთებით მომარაგდებიან.