რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს მიერ დეკლარირებული "კარგი განზრახვებისა" და "უკეთესი მომავლისკენ ნაბიჯების" მიუხედავად, პოლიტიკური გადაწყვეტილებები სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობებს გაუარესებისკენ მიდის.

ამასთან დაკავშირებით უწყების პოზიცია მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა სამხრეთ კავკასიაში ევროკაშვირის სპეციალურ წარმომადგენელსა და უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეს, ტოივო კლაარს გააცნო.

ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობის გაფუჭების მაგალითად კარასინმა გაეროს რეზოლუცია და ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია მოიყვანა.

2 ივლისს, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას გამოეხმაურა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო. მათ სიას ცინიკურს უწოდეს.

26 ივნისს დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დესტრუქციულ ნაბიჯებად შეფასდა.

არჩილ ტატუნაშვილის საქმე

2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა, საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი დააკავეს.

ოსური მხარის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილმა ცხინვალში, იზოლატორში გადაყვანისას პოლიციელისთვის იარაღის წართმევა სცადა, საპასუხო ძალის გამოყენების შედეგად შეუძლოდ გახდა, კიბეებზე წაიქცა და მოგვიანებით საავადმყოფოში დაიღუპა. ოსური მხარე ამტკიცებს, რომ საავადმყოფოში ტატუნაშვილს ყველა შესაძლო დახმარება გაუწიეს, თუმცა უშედეგოდ.

ტატუნაშვილის ცხედარი 24 თებერვალს უნდა გადმოესვენებინათ, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლებამ პოზიცია შეცვალა. ქართულმა მხარემ ცხედრის გადმოსასვენებლად მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა ცხედრის გადმოსვენება მაინც გაჭიანურდა.

მოგვიანებით ცხინვალში განაცხადეს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს, რომელსაც არჩილ ტატუნაშვილს უკავშირებენ. მათი თქმით, ტატუნაშვილი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ პროვოკაციებს გეგმავდა. საოკუპაციო რეჟიმი ტატუნაშვილს 2008 წლის აგვისტოს ომში დივერსიის მოწყობაშიც ადანაშაულებდა, თუმცა ამ დროისთვის ტატუნაშვილი ერაყში მსახურობდა.

20 მარტს ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 26 დღის შემდეგ გადმოასვენეს. ცხედარს სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა. პირველადი ექსპერტიზით, ტატუნაშვილს სერიოზული დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნებოდა.

ტატუნაშვილის საქმეზე გამოძიება მოითხოვა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა. საპარლამენტო უმრავლესობამ რეზოლუცია დაარეგისტრირა, რომლითაც ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის გამო პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას დააკისრა.

საქართველოს პარლამენტმა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა.

გიგა ოთხოზორიას საქმე

2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით გიგა ოთხოზორიას ჭრილობები მიაყენეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთის ფედერაციას დააკისრა. რუსეთის საგარეო უწყებამ კი აფხაზურ მხარეს.

2016 წელს, ქართულმა მხარემ IPRM-ის შეხვედრაზე ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის გადმოცემა მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ.

ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა რაშიდ კანჯიოღლის მიმართ, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.

ზუგდიდის სასამართლომ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში ბრალდებული, მიმალვაში მყოფი რაშიდ კანჯი-ოღლი დაუსწრებლად სცნოდამნაშავედ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი მსჯავრდებულს სასჯელი დაუმძიმა და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დე-ფაქტო აფხაზეთის სამხედრო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადგილობრივი სამხედრო პროკურატურის მოთხოვნა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯი ოღლისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ. სასამართლომ ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულს მხოლოდ შინაპატიმრობა შეუფარდა.