საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და NBA-ის მოქმედი ჩემპიონი ზაზა ფაჩულია სპორტის რაინდი გახდა. სპორტის სფეროში დაწესებული უმაღლესი ჯილდო ფაჩულიას საქართველოს ნაკრებში ჩატარებული ბრწყინვალე კარიერისთვის და საერთაშორისო სარბიელზე ქართული კალათბურთის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გადასცა.

ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელიც ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონი გახდა. ასევე პირველი ევროპელი ცენტრია პაუ გასოლთან ერთად, რომელმაც ორჯერ შეძლო NBA-ის ჩემპიონის თასის მოგება.

ფაჩულიას გარდა სპორტის რაინდის წოდებას ფლობს სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი და ჩოგბურთელი ლეილა მესხი.