ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი, კახა კოჟორიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონდარღვევაში ადანაშაულებს და განმარტავს, რომ მარგველაშვილის სიძესთან, მინდია გოგოჭურთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციით უწყებამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი დაარღვია.

მისი თქმით, სამართალდამცავ უწყებას არ უნდა განეცხადებინა, რომ აღნიშნული პირი იყო სამჯერ ნასამართლევი, რადგან ამის თქმის უფლება არ ჰქონდა:

"მინდიამ მესამე დღეა შსს-ს მიმართა, ითხოვს ნასამართლეობის ცნობას. მან საფასური გადაიხადა იმისთვის, რომ დაჩქარებული წესით მიეღო ცნობა. ერთ საათში უნდა მიეღო, მას დღემდე ეს ცნობა არ მიუღია".

21 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლოს მოსამართლეებზე და მათ ახლობლებზე ზეწოლა, თვალთვალი და მუქარა მიმდინარეობს.

ხოლო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი პაპუაშვილს შეხვდა, საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და განმარტა, რომ პაპუაშვილის მონათხრობმა ის არ გააოცა, რადგან სამართალდამცავების მხრიდან 1 თვის წინ მისი ოჯახის წევრზეც (მინდია გოგოჭურზე) იყო ზეწოლის განხორციელების მცდელობა.

პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მინდია გოგოჭურის მიმართ შსს-ს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.