საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, სასჯელაღსრულების სამინისტროს დამოუკიდებლად არსებობა ნონსენსია. ამის შესახებ მინისტრმა, რომლის სამინისტროც სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ გაუქმდება, ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მამუკა ბახტაძის ხედვა სტრუქტურული ცვლილებების შესახებ არ უკავშირდება ადამიანებს, ეს უკავშირდება ინსტიტუციურ ხედვასა და ცვლილებებზე.

მისი თქმით, როცა ქვეყანას დევნილთა სამინისტრო ჰყავს, გასაგებია, რომ ქვეყანაში დევნილების პრობლემაა, თუმცა სასჯელაღსრულების სამინისტრო სხვა ქვეყნების მაგალითზე, ყოველთვის იუსტიციის სამინისტროს ნაწილია ხოლმე.

"არ არის ლოგიკური, რომ არსებობდეს ცალკე გამოყოფილად ციხეების სამინისტრო", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მინისტრის აზრით, მამუკა ბახტაძემ სწრაფი რეფორმების გზით გადაწყვიტა სიარული და სტრუქტურული ცვლილებებით სწორედ ამას ახორციელებს.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო დაარსდა 2009 წლის 1 თებერვალს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის 26 ივნისის გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანდება. დევნილთა სამინისტრო კი, რომლის მინისტრიც პოსტსაც სოზარ სუბარი 2014 წლიდან იკავებს, უქმდება. მისი ფუნქციები გადანაწილდება სამ უწყებაზე: განსახლების ფუნქცია ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს შეუერთდება, მიგრაცია - შსს-ს, ხოლო სოციალური პოლიტიკა - ჯანდაცვის სამინისტროს.