დღეს, როგორც არ უნდა მოინდომოთ, უფრო საყვარელს ვერაფერს ნახავთ.

სამი ბელი, რომელიც თბილისის ზოოპარკში დათვების რეაბილიტაციის პროგრამას გადის, ერთ საზამთროს მთელი დღე ეჭიდავა და საბოლოოდ, წარმატებით მიირთვა. ამის შესახებ, დათვების რეაბილიტაციის პროგრამის ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ.

"ბუნებაში დათვები მუდმივად საკვების მოპოვებით არიან დაკავებულები, რომლის მოსაძებნად ყოველდღიურად მრავალი კილომეტრის დაფარვა უწევთ.

იმისათვის, რომ ზოოპარკში არ მოიწყინონ და მთელი დღე საქმე ჰქონდეთ, ხელოვნურად ვუქმნით დაბრკოლებებს: ვუმალავთ საჭმელს, ვუფანტავთ ვოლიერში წვრილად დაჭრილ ბოსტნეულს, მოგვაქვს მცენარეების დიდი ტოტები და ვუკიდებთ მაღლა და სხვა. შესაბამისად, ბელები მთელი დღის განმავლობაში დაკავებულები არიან, მოსაწყენად დრო არ რჩებათ და ყველა სიკეთესთან ერთად, ბუნებრივი ქცევის გამოვლენის შესაძლებლობა ეძლევათ", - წერია პოსტში.

დათვების რეაბილიტაციის პროგრამა იმ ბელებისთვის, რომლებიც დაობლდნენ, ან მოქალაქეებთან უკანონოდ ყოფნის შემდეგ ზოოპარკს მიაბარეს, შესაბამისი გარემოს შექმნას გულისხმობს. პროგრამა პატარა ცხოველებს ბუნებრივი ქცევის გამოხატვის მაქსიმალურ შესაძლებლობას აძლევს. როდესაც მიბარებული ბელი მზად იქნება, მას ველურ ბუნებაში დააბრუნებენ.