კომპანია ნეტფლიქსმა სალმან რუშდის 1981 წელს გამოსული რომანის, შუაღამის შვილების მიხედვით სერიალის გადაღება გადაწყვიტა.

შუაღამის შვილებში მოქმედება ავტორის მშობლიურ ინდოეთში, პაკისტანსა და ბანგლადეშში მიმდინარეობს. რომანმა გამოსვლისთანავე დიდი მოწონება დაიმსახურა და 1981 წელს ბუკერის და ტაიტ ბლეკის მემორიალური პრემიები დაიმსახურა. შუაღამის შვილები ერთადერთი ინდური რომანია, რომელიც ჟურნალი ტაიმის 100 საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანის სიაში მოხვდა.

შუაღამის შვილების მთავარი გმირი და მთხრობელია სალიმ სინაი, რომელიც ტელეპატიის ნიჭით არის დაჯილდოებული და აქვს განსაკუთრებული ყნოსვითი უნარი. სალიმის დაბადების მომენტი ზუსტად ემთხვევა ინდოეთის დამოუკიდებელობის გამოცხადებას. როგორც სალიმი მოგვიანებით გამოარკვევს თავისი ტელეპატიური უნარის წყალობით, ყველა ბავშვი რომელიც 15 აგვისტოს შუაღამიდან პირველ საათამდე დაიბადა ინდოეთში, დაჯილდოებულია განსაკუთრებული ზეადამიანური შესაძლებლობებით და ეს უნარები მით უფრო ძლიერია, რაც უფრო ახლოა დაბადების მომენტი შუაღამის 12 საათთან. სალიმ სინაის ცხოვრება ქვეყნის ბედის პარალელურად იცვლება დამოუკიდებლობის შემდეგ მომხდარი მოვლენების კვალდაკვალ.

სალიმის მდიდარი მშობლები დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, ინგლისელი კოლონისტი მესვოლდისგან ყიდულობენ მდიდრულ ვილას და ქალაქ ბომბეიში სახლდებიან. დამოუკიდებლობის გამოცხადების ღამეს სალემის დედასთან ერთად ღარიბულად მოწყობილ სამშობიარო ოთახში ბავშვს აჩენს მოხეტიალე მომღერლის ცოლი, რომელსაც ბავშვი სინამდვილეში მესვოლდისგან ჰყავს.

ორივე ბავშვი შუაღამის ბოლო ზარის დაკვრისთანავე იბადება, მაგრამ მეანი ქრისტიანი ქალი მარი პერეირა, თავისი ანარქისტი საქმროს გულის მოსაგებად, ბავშვებს უცვლის დაბადების ნომრებს. ეს საიდუმლო კი მოგვიანებით მჟღავნდება, პირველად მაშინ, როდესაც სალიმს სისხლის გადასხმა დასჭირდება და მას მშობლებისგან განსხვავებული სისხლის ჯგუფი აღმოაჩნდება, ხოლო მოგვიანებით თვით მარი პერეირას აღიარებით, რომელიც ამის შემდეგ გოაში გადაიხვეწება და არ ჩანს რომანის ბოლომდე.

მიუხედავად გამჟღავნებული საიდუმლოსი, სალიმი კვლავ მშობლებთან რჩება და განაგრძობს ტელეპატიურ სეანსებს შუაღამით დაბადებულ სხვა ბავშვებთან, მათ შორის მისი მშობლების ნამდვილ შვილ შივასთან, რომელსაც განსაკუთრებით უფრთხის და ცდილობს თანდათანობით ჩამოაშოროს მის მიერ დაარსებულ შუაღამის შვილთა კონფერენციას, რაც მათ შორის კონფლიქტის მიზეზი ხდება.

რომანი ასევე ეხება ინდოეთ პაკისტანის ომს და უამრავ სხვა ისტორიულ მოვლენას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მოხდა.