FX-მა ოფიციალურად დაადასტურა, თუ როდის გამოვა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და რეიტინგული სერიალი - American Horror Story.

სერიალის პრემიერა 12 სექტემბერს შედგება.

როგორც უკვე იცით, რაიან მერფის სერიალის, AHS, მერვე სეზონში წინა სეზონების - Murder House-ისა და Coven-ის პერსონაჟებს ვიხილავთ. როგორც სერიალის შემქმნელი გვარწმუნებს, ჯადოქრებს მერვე სეზონში დიდი ამბები ელით.

ამ ამბავს გამოეხმაურა ემა რობერტსიც და ინსტაგრამზე ფანებს ვიდეოთი მიმართა. როგორც აღმოჩნდა მისი ჯადოქარი პერსონაჟი, მედისონი, რომლის როლსაც Coven-ში ასრულებდა, შოუში ბრუნდება.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის, რაიან მერფიმ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ შოუს მერვე სეზონში დაბრუნებასთან დაკავშირებით უკვე ყველა ჯადოქარმა მიიღო შეთავაზება და მათი ნაწილი ამ წინადადებას დასთანხმდა კიდეც.

შესაბამისად, დიდი ალბათობით უნდა ვივარაუდოთ, რომ ჯესიკა ლენგის პერსონაჟი ფიონა გუდი ახალ სეზონში დაბრუნდება.

ახალი ნაწილის სიუჟეტი მომავალში განვითარდება და მოგვიყვება იმ სააფრთხეებისა თუ შიშების შესახებ, რომლებიც მომავლის ადამიანებს ექნებათ.

მერფი ამბობს, რომ სავარაუდოდ, ისტორია 10 ან 20 წლის შემდეგ განვითარდება.

"ეს იქნება ყველა წინა სეზონისგან განსხვავებული ნაწილი", - უთხრა მერფიმ ჟურნალისტებს.

წინასწარი ინფორმაციით FX-ის შოუს ახა სეზონს Radioactive[რადიოაქტიური] ერქმევა, თუმცა რაიან მერფი ამ ფაქტს არ ადასტურებს.

შოუს მერვე სეზონში კვლავ ვიხილავთ სარა პოლსონს, ივან პეტერსსა და კეტი ბეიტსს. დადასუტებულია ისიც, რომ სერიალში ლეგენდარული ჯოან კოლინზი ითამაშებს.