მთავარი პროკურატურა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე აცხადებს, რომ პირს, რომელიც ამჟამად ფსიქიატრიულ დაწესებულებაშია, კანონით ვეღარ შეუზღუდავენ ტელეფონით დარეკვის უფლებას.

კერძოდ, საგამოძიებო უწყების განმარტებით, მის მიმართ ვეღარ გავრცელდება საქართველოს პატიმრობის კოდექსის 79-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვები.

დღეს, 28 ივნისს ინგა გრიგოლიას ადვოკატი სატელევიზიო ეთერის მეშვეობით ბრალდების მხარის მიერ ჩადენილ გულგრილობაზე მიუთითებდა, რასაც პროკურატურა "არაკომპეტენტურობასა" და "კანონის არცოდნას" უწოდებს.

პროკურატურის მტკიცებით, ინგა გრიგოლიას მუქარის ბრალდებით დაკავებულს კომუნიკაციებით სარგებლობის უფლება პროკურორის დადგენილების საფუძველზე შეზღუდული ჰქონდა ციხეში ყოფნის დროს.

19 ივნისის განჩინებით, შეურაცხადობის გამო ბრალდებულის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა დაენიშნა. ის მოთავსებულია ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.

12 ივნისის სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დადგინდა, რომ ბრალდებული პირი დაავადებულია ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით და მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი.

21 მაისს, ინგა გრიგოლიას მიმართ ჩადენილი მუქარისა და ადევნების საქმეზე პირს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1511-ე მუხლით. იმავე დღეს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ინგა გრიგოლია გამოძიებამ დაზარალებულად სცნო. პროკურატურის ცნობით, დაკავებული ტელეწამყვანზე სისტემატიურ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა, ემუქრებოდა ჯანმრთელობისა და ქონების დაზიანებით.

ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას განცხადებით, პირმა, რომელიც მასზე მუქარის შემცველი შეტყობინებების გამო დააკავეს, ისევ დაურეკა.

გრიგოლიას განცხადებით, აღნიშნულმა პირმა ფსიქიატრიულის თანამშრომლის ნომრიდან დაურეკა. მისი თქმით, როდესაც ადვოკატმა პროკურატურაში სცადა გარკვევა უთხრეს, რომ ამ დრომდე არ გადაუგზავნიათ დადგენილება იმის შესახებ, რომ მოძალადეს ზარების უფლება შეზღუდვოდა.

გრიგოლიას თქმით, მის ტელეფონზე ზარები და შეტყობინებები 2011 წლიდან შედის, ურეკავდა კაცი, რომელიც მაშინ ციხეში იყო და ეუბნება, რომ მისი შვილის მამაა (მისი შვილის მამა გარდაცვლილია). როგორც ჟურნალისტი ყვება, ეს კაცი ციხიდან 2013 წლის საყოველთაო ამნისტიის დროს გამოვიდა და გააგრძელა მასთან დარეკვა.