დილიდან ბათუმში მიკროავტობუსები არ მოძრაობენ, რაც მოულოდნელი აღმოჩნდა, როგორც მგზავრებისთვის, ასევე მერიისთვისაც. ბათუმსა და ხელვაჩაურში სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლები დღეს, 27 ივნისს, დილით გაიფიცნენ. მძღოლები საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც ბათუმში მიკროავტობუსების რაოდენობა უნდა განახევრდეს.

საკრებულოს პროექტი ბათუმის მერიამ წარუდგინა. პროექტის მიხედვით, ქალაქში დღიურად მოძრავი 450-მდე მიკროავტობუსი, ოპტიმიზაციის შედეგად, 250-მდე შემცირდება, რის შემდეგაც მიკროავტობუსი ახალი რეგულაციებისა და ახალი სამარშრუტო ხაზების მიხედვით იმოძრავებს.

მერიის განცხადებით, აღნიშნული პროექტის მიზანი M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების კონკურსის საფუძველზე ტექნიკურად გამართული მიკროავტობუსების შერჩევაა. კონკურსი განსაზღრავს კრიტერიუმებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სამარშრუტო ტაქსი, ქალაქში მოძრაობის უფლება რომ მიეცეს.

კონკურსის მოთხოვნები

  • მიკროავტობუსის ტექნიკური გამართულობა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
  • აუცილებელია მიკროავტობუსს ჰქონდეს გამართული კონდიცირების სისტემა, ფანჯრების გაღების საშუალება, სავარძლების დაშორება სტანდარტის შესაბამისად;
  • დაუშვებელია მიკროავტობუსით მგზავრობისას მგზავრის ფეხზე დგომა.

მარიაში ამბობენ, რომ აღნიშნულ წესთან დაკავშირებით წინასწარ იყვნენ ინფორმირებულები ის შპს-ები, რომლებიც სამარშრუტო ხაზებს ამუშავებენ.

როგორც On.ge-ს ერთ-ერთმა გაფიცულმა მძღოლმა უთხრა მათი გაფიცვის მთავარი მოთხოვნაა, რომ შემცირებები არ მოხდეს და ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ მუშაობა. სხვა გაფიცულები კი ამბობენ, რომ სტანდარტები მოითხოვს, მანქანა 2000 წლის შემდეგ იყოს გამოშვებული:

"ისეთ რაღაცეებს გვთხოვენ, რასაც გლეხი ვერ დააკმაყოფილებს, ყველას ვალები გვაქვს და ყველას შვილები გვყვავს. 24 წელია ხაზი მაქვს 25 ნომერი და ახლა მიუქმებენ ხაზს. იქამდე არ დავიშლებით, სანამ არ დაგვაკმაყოფილებენ, თუ არადა გამოვალთ ოჯახებით. რაც მაქვს [ავტომობილი] იმით მინდა ოჯახის რჩენა, მე მყავს 1999 წელს გამოშვებული მანქანა, კარგ მდგომარეობაში, მაგრამ ასაკი არ უწყობს ხელს. ავტომობილები უნდა შემოწმდეს და კარგი უნდა იყოს ვიზუალურად, თუმცა ასაკს არ უნდა შეეხონ."

მძღოლები იმყოფებოდნენ ქალაქის მერიასთან და მერთან შეხვედრა მოითხოვეს. მერიის წარმომადგენლებმა შეხვედრა 5 მძღოლს შესთავაზეს, რასაც შეკრებილებს შორის დაპირისპირება და ხმაური მოყვა. გაფიცული მძღოლების ნაწილმა საკრებულოს შენობისკენ გადაინაცვლა.