ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ნაძალადევის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში წყალმომარაგების სისტემის განვითარებისთვის რვა კილომეტრი სიგრძის ახალი ქსელი მოაწყო. ასევე, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა წყალმომარაგების გაუმჯობესებისა და სტაბილურობისთვის ჩამკეტი ურდულები და რეგულატორები დაამონტაჟა. აღნიშნულ პროექტში ჯივიპიმ 800 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

"2018 წელსაც, ისევე როგორც შარშან, კომპანიის საინვესტიციო პროექტებს შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება წყალმომარაგების სისტემის განვითარებაა. ნაძალადევის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩვენს აბონენტებს საგრძნობლად გაუუმჯობესდებათ წყალმომარაგება, ხოლო ახალი, პოტენციური აბონენტებისთვის ქსელზე დაერთების შესაძლებლობა შეიქმნება. გარდა ამ პროექტისა, თბილისის მასშტაბით აქტიურად ვაგრძელებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს", - განაცხადა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ოპერაციების მართვის დირექტორმა, მამუკა კიკალიშვილმა.

კიკალიშვილის თქმით, ამ მომენტისთვის, 30-ზე მეტ მისამართზე მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის განახლება.

თბილისის წყალმომარაგების სისტემის განახლება-განვითარებისთვის ჯივიპი 2018-2020 წლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებში 200 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.