ოთხოზორია-ტატუნაშვილი სია 33 პირისგან შედგება, რომელშიც შეყვანილები არ არიან რუსეთის საოკუპაციო სტრუქტურების წარმომადგენლები. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპული საქართველოს ლიდერმა სერგი კაპანაძემ საგანგებო ბრიფინგზე გაავრცელა.

ევროპული საქართველო მოუწოდებს ხელისუფლებას უფრო მეტი პასუხისმგებლობით მიუდგეს სიას.

"ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მიუდგეს სიას და განავრცოს ის და შეიყვანოს მასში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები და ეს პასუხისმგებლობა იყოს უფრო მეტი, ვიდრე არის დღეს. ამ უპასუხისმგებლო დამოკიდებულების ერთ-ერთი გამოვლენა არის, რომ სიაში სამწუხაროდ ასევე არიან შეყვანილი ადამიანები, რომლებიც არიან გარდაცვლილები. ესეც მეტყველებს იმაზე, თუ როგორი არასერიოზული იყო მათი დამოკიდებულება ამ თემის მიმართ", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ქართული ოცნების დეპუტატი სოფიო კილაძე სერგი კაპანაძის განცხადებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ევროპული საქართველო დეზინფორმაციას ავრცელებს.

სოფიო კილაძის თქმით, მმართველი გუნდი მუშაობს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის დახვეწაზე და იქამდე, სანამ ოფიციალური დოკუმენტაცია არ იქნება მიღებული, რთულია თქმა, ვინ არის გარდაცვლილი სიაში და ვინ არა.

საქართველოს მთავრობამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია გამოაქვეყნა. სიაში პირები ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში, გატაცებაში, წამებსა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულები და მსჯავრდებულები არიან.