ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით, ისნის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილმა ტერორიზმში ბრალდებულმა ახმედ ჩატაევმა საქართველოს საზღვრის კვეთის შემდეგ 2017 წლის 28 ოქტომბერს პანკისის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილს დაურეკა. როგორც ქრონიკის ჟურნალისტმა აღნიშნა, მათ თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა მოიპოვეს.

"ქრონიკის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ საქმის მასალებში არის ხმოვანი შეტყობინებაც, რომელსაც ამ საქმეში ბრალდებული რამაზ მარგოშვილი, თემირლან მაჩალიკაშვილს უგზავნის. ასევე ცნობილი გახდა იმ ბინის შესახებ, სადაც ტერორისტული დაჯგუფების წევრები თბილისში ჩამოსვლისას იქამდე ქირაობდნენ, ვიდრე ისანში, სალოსის ქუჩაზე გადავიდოდნენ საცხოვრებლად", - აღნიშნა ჟურნალისტმა მასალაში.

შვილის ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირი იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა გამორიცხა.

On.ge ამ საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან ელოდება პასუხს.

21-22 ნოემბრის ისნის სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც დაახლოებით 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და დაიჭრა ოთხი სამართალდამცავი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ლიკვიდირებულია დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი. ლიკვიდირებულთაგან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია.

ამავე საქმეზე სუს-მა 26 დეკემბერს სპეცოპერაცია ჩაატარა პანკისის ხეობაში, რა დროსაც თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. ის თითქმის ორი კვირის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იყო.

გაიგეთ მეტი ისნის სპეცოპერაციის შესახებ.