უნდა ავაშენოთ თუ არა დიდი ჰესები?

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რამდენად სჭირდება საქართველოს დიდი ჰესების აშენება? ნამდვილად შეგვიძლია ქარისა და მზისგან საჭირო რაოდენობის ენერგიის წარმოება? გაიგეთ პასუხები ძირითად კითხვებზე.

რა ხდება?

საქართველო ბუნებრივი გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის მცირე მარაგის გამო ენერგეტიკის ნაწილს, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში, იმპორტის მეშვეობით იღებს. ამასთან, ქვეყანაში განახლებადი ენერგორესურსებიდან ყველაზე მეტად ჰიდრორესურსებია ათვისებული.

ამ ფონზე, უკანასკნელი წლების განმავლობაში სულ უფრო აქტიურად მსჯელობენ იმაზე, რამდენად საჭიროა საქართველოში ისეთი დიდი ჰესების აშენება, როგორებიც, მაგალითად, ხუდონი და ნენსკრაა, და თუ არ არის საჭირო, მაშინ შეიძლება თუ არა განახლებადი ენერგიის სხვა წყაროების მეშვეობით იმავე რაოდენობის ენერგიის გამომუშავება, რამდენისაც აღნიშნული ჰესებით.

რას ამბობენ ჰესების აშენების მოწინააღმდეგეები?

მწვანე ალტერნატივის წარმომადგენელი, დათო ჭიპაშვილი ამბობს, რომ ზოგადად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურების აშენებაზე აქცენტის გაკეთება არასწორია. მისი თქმით, აღნიშნული ხელს უშლის ელექტრო-ენერგოსექტორის დივერსიფიცირებას. ამასთან, თუნდაც ნენსკრაჰესისა და ხუდონჰესის მიერ წარმოებული ელექტროენერგია მთავრობას ადგილზევე ძალიან ძვირი დაუჯდება, მოსახლეობამდე მისული ფასი კი კიდევ უფრო გაზრდილი იქნება:

"ჩვენი ელექტრო სექტორის 80% არსებულ ჰიდროელექტროსადგურებზეა დამოკიდებული. არსებული პოლიტიკით კიდევ ვზრდით ამ პროცენტს და აქცენტს ვაკეთებთ მხოლოდ ჰიდრორესურსებზე".

ის ამბობს, რომ ხუდონჰესზე გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მთავრობამ აიღო ვალდებულება, მიუხედავად საჭიროებისა, აღნიშნული ჰესის მიერ მთლიანად გამომუშავებული ენერგია (მილიარდ ნახევარი კვტ.სთ) შეისყიდოს 10,5 ცენტად (1 კვტ.სთ). არაფორმალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით კი განმარტავს, რომ ანალოგიური პირობებია ჩადებული ნენსკრაჰესის მემორანდუმშიც:

"გამოდის, რომ მხოლოდ ხუდონისა და ნენკსრას შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტმა წლიურად უნდა იხადოს 300 მლნ დოლარზე მეტი ელექტროენერგიაში, მიუხედავად იმისა, ქვეყანას დასჭირდება თუ არა ის. შედარებისთვის: 10,5 ცენტი არის 26-27 თეთრი მაშინ, როდესაც ენგურის ენერგიის 1 კვტ.სთ ადგილზე 1,12 თეთრი ღირს. ანუ ხუდონის ფასი 26-ჯერ ძვირია. ხოლო თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფარავს თანხას იმისთვის, რომ ფასზე ზემოქმედება არ მოხდეს, ბიუჯეტს მოუწევს 300 მლნ დოლარზე მეტის გადახდა მხოლოდ ამ 2 სადგურისთვის".

ჭიპაშვილის თქმით, გარდა იმისა, რომ მთავრობას ელექტროენერგიის ზემოაღნიშნულ ფასად შეძენა მოუწევს, ამას დაემატება გადაცემის, დისტრიბუციისა და სხვა ხარჯები - რაც, საბოლოოდ, განაპირობებს იმას რომ მოსახლეობამდე მისული ტარიფი გაცილებით დიდი იქნება:

"ეს ტარიფი არა მხოლოდ მოსახლეობას დაარტყამს, არამედ მთელ ბიზნესს, რადგან ის ისედაც არაკონკურენტუნარიანი აღმოჩნდება, პირველ რიგში, იმის გამო, რომ ისედაც ცნობილია, რომ ენერგოინტენსივობა მშპ-ის ერთ ერთეულზე ჩვენ 4-ჯერ უფრო ძვირი გვიჯდება, ვიდრე ევროპულ ქვეყნებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი წარმოება არის სრულად არაენერგოეფექტური და არ არის დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები".

თუ სახელმწიფო ხელისშემწყობ გარემოს არ შექმნის ალტერნატიული ენერგიის გამოყენებისათვის, ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენების განხილვა აზრი არც აქვს

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენს შეკითხვას, რა ალტერნატიულ გზებს უნდა მიმართოს საქართველომ, ჭიპაშვილმა რამდენიმე გზა დაასახელა, თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ სახელმწიფო ხელისშემწყობ გარემოს არ შექმნის ალტერნატიული ენერგიის გამოყენებისათვის, არ იქნება დეცენტრალიზებული სისტემა, თითოეულ მოქალაქეს არ ექნება საშუალება, რომ ენერგიის ინდივიდუალურად მწარმოებელი გახდეს, შედეგად კი გაჩნდეს უამრავი მიმწოდებელი ბაზარზე და შესაბამისად გაიზარდოს კონკურენტული გარემოც, ალტერნატივების განხილვას აზრი არც აქვს:

"როდესაც სემეკს ვკითხე, მე რომ ჩემი ხარჯით ჩამოვიტანო და დავაყენო მზის პანელები და მოვითხოვო ქსელში ჩართვა, სადისტრიბუციო კომპანია რამდენად ჩამითვლის ჩემი პანელების მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას-მეთქი, მათ მიპასუხეს, რომ მას 1,12 თეთრად ჩამითვლიდნენ მაშინ, როდესაც ენგურჰესის ელექტროენერგიაში, რომელიც ადგილზე 1,12 თეთრი ღირს ვიხდით 17 თეთრს".

საქართველოს კლიმატის გათვალისწინებით, ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის მიღება ქარისა და მზის მეშვეობით უკვე საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად გახდა შესაძლებელი

ის ასევე განმარტავს, რომ ჰიდროელექტროსადგურებიდან ენერგიის მიღება საკმაოდ მოძველებული მიდგომაა, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც მზის პანელების წარმოება გაიზარდა, ფასი დაეცა, გაცილებით ნაკლები ფართობის პანელები მეტ ენერგიას გამოიმუშავებენ და საქართველოს კლიმატის გათვალისწინებით, ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის მიღება ქარისა და მზის მეშვეობით უკვე საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად გახდა შესაძლებელი.

ჭიპაშვილის თქმით, ჰიდროელექტროსადგურების შემდეგი ალტერნატივები არსებობს:

  • ე.წ. ენერგოეფექტურობა არა მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურის ალტერნატივაა, არამედ მთლიანად ენერგოუსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს არსებული ენერგომოხმარების შემცირება ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის გზით, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ნაკლები ენერგიის მოხმარებით ეკონომიკურ ზრდას შევუწყოთ ხელი. ამის მაგალითია ენერგოეფექტური ნათურები, ბუხრები, გათბობის სისტემები, სამშენებლო მასალები, რომლებიც გამოიყენება იმისთვის, რომ მარტივად - ენერგია დაიზოგოს.
  • არსებული 65 კაშხლიანი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ მდინარის მიერ მოტანილი წყლით მუშაობს, ვერ მუშაობს სრულფასოვნად მხოლოდ იმიტომ, რომ რეზერვუარები არის სავსე ნატანით და პრაქტიკულად მათ აღარ შესწევთ უნარი შეიგუბონ წყალი. აუცილებელია, ამ სადგურების სრული რეაბილიტაცია და არა ახალი ჰესების აშენება. აღსანიშნავია, რომ საბოლოო ჯამში, 20-30 წლის შემდეგ ის ახალი სადგურებიც სავსე იქნება ნატანით და ისინიც გასაწმენდი იქნება.
  • ის ხაზგასმით ამბობს, რომ საქართველოს თავისუფლად შეუძლია ქარისა და მზის ენერგიის გამოყენება, თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა:

ვართ ჩამოკიდებული ორ მონოპოლისტზე: თელასსა და ენერგო პრო ჯორჯიაზე, ამიტომ შეუძლებელია განახლებადი ენერგიის ეფექტურად განვითარების ხელშეწყობა

"არსებულ სისტემაში, როდესაც ყველაფერი ცენტრალიზებულია, როდესაც ბაზარი ელექტროენერგიის ფასს არ არეგულირებს, არ ხდება მიწოდების დივერსიფიცირება და ვართ ჩამოკიდებული ორ მონოპოლისტზე: თელასსა და ენერგო პრო ჯორჯიაზე, შეუძლებელია განახლებადი ენერგიის ეფექტურად განვითარების ხელშეწყობა, რადგან არიან მონოპოლისტები, რომლებიც ელემენტარულად არ დაუშვებენ, რომ თქვენ თუ მოინდომებთ თქვენს სახლზე მზის პანელების დაყენებას იმისთვის, რომ ისინი ჩაერთოს სისტემაში, არ ჩაგრთავენ ან იმ ფასად არ იყიდიან თქვენგან ელექტროენერგიას, რაც ვთქვათ ხუდონთან მიმართებაშია. საქმე იმაშია, რომ მზის პანელების განვითარებას არანაირი ეკონომიკური აზრი არ აქვს და ამიტომაც არ ვითარდება".

რაც ქვეყანას დაუჯდება ერთი ხუდონის ან ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, სრულებით საკმარისი იქნება იმისთვის, რომ არსებული ყველა სახურავი დაიფაროს მზის პანელით

ჩვენს შეკითხვას, რეალურად რა შეიძლება დაუჯდეს ქვეყანას თუნდაც მზის ენერგიის მოპოვება და აღემატება თუ არა ეს ფასი დიდი ჰესების მშენებლობას, ჭიპაშვილმა უპასუხა, რომ რაც ქვეყანას დაუჯდება ერთი ხუდონის ან ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, სრულებით საკმარისი იქნება იმისთვის, რომ არსებული ყველა სახურავი დაიფაროს მზის პანელით:

"ამასთან, ხუდონი ჯდება გაცილებით ძვირი და არა ის ფასი, რასაც ოფიციალურად ასახელებენ. საქართველომ 1400 ჰა მიწის ფართობი ინვესტორს ერთ დოლარად აჩუქა. სახელმწიფომ ასევე აიღო ვალდებულება, რომ ამ ჰიდროელექტროსადგურს აუშენებს გადამცემ ხაზს, რაც დამატებითი ხარჯი იქნება".

რაც შეეხება ქარისა და მზის ენერგიის გამოყენებას, ჭიპაშვილმა გერმანიის მაგალითი მოგვიყვანა და აგვიხსნა, რომ გასულ წელს ქვეყანას მზისგან მიღებული ენერგიის 1 კვტ.სთ-ის წარმოება 7 ცენტი დაუჯდა, ქარის სადგურებიდან მიღებული 1 კვტ.სთ ენერგია კი 3 ცენტი ჯდება.

რას ამბობენ ჰესების აშენების მომხრეები?

ლეონტინა გალდავა

ლეონტინა გალდავა

ფოტო: ლეონტინა გალდავა / Facebook

ინჟინერიის დოქტორი, ლეონტინა გალდავა ამბობს, რომ საქართველოში ჰიდრო, ქარის და მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურების განვითარების პერსპექტივა საკმაოდ რეალურია, თუმცა, მიიჩნევს, რომ ქარის ელექტროსადგურებისა და ჰიდროელექტროსადგურების შედარება არარაციონალურია. მისი თქმით, ენერგეტიკის განვითარება ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ერთ სულ მოსახლეზე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა ქვეყნის ეკონომიკურ სიტუაციას ასახავს, შესაბამისად კი ქვეყნის ეკონომიკის განსავითარებლად საჭიროა ახალი ენერგოობიექტების მშენებლობა.

ქარისა და მზის ელექტროსადგურებიდან მიღებული ელექტროენერგია ენერგოსისტემაში გარკვეულ ნაწილს დაიკავებს, თუმცა მარეგულირებელი სადგურების ჩანაცვლება ვერ მოხდება

ის ამბობს, რომ მომავალში, ახალი ენერგოობიექტების მშენებლობის დროს, ქარისა და მზის ელექტროსადგურებიდან მიღებული ელექტროენერგია ენერგოსისტემაში გარკვეულ ნაწილს დაიკავებს, თუმცა მარეგულირებელი სადგურების ჩანაცვლება ვერ მოხდება.

გალდავას განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით წარმოებული ელექტროენერგიის რაოდენობა უნდა აკმაყოფილებდეს ელექტროენერგიის მოხმარებას და ხელს უწყობდეს ეკონომიკურ ზრდას, რადგან მშპ-ს და ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა ურთიერთდაკავშირებულია. ის კვლევებზე დაყრდნობით ამბობს, რომ მშპ-სა და ელექტროენერგიის ზრდის ურთიერთდამოკიდებულება შენარჩუნდება, თუმცა განვითარებულ ქვეყნებში დროთა განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის მაჩვენებელი ნელ-ნელა კლების ტენდენციისკენ იხრება:

გერმანიის ერთ სულ მოსახლეზე ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელი თითქმის 3-ჯერ აღემატება იგივე მაჩვენებელს საქართველოში ანუ ჩვენთან ენერგოობიექტების რაოდენობა უდა გაიზარდოს

"2013 წელს საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მოხმარებულმა ელექტროენერგიის რაოდენობამ შეადგინა 2 459,75 კვტ.სთ, გერმანიაში ეს მაჩვენებელი დაფიქსირდა 1 968 წელს. ამავე დროს შვეიცარიაში ამ მაჩვენებელმა მიაღწია - 3 852,19, დიდ ბრიტანეთში - 3 762,59 და ისლანდიაში - 2 992,73. დღესდღეობით კი გერმანიის ერთ სულ მოსახლეზე ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელი თითქმის 3-ჯერ აღემატება იგივე მაჩვენებელს საქართველოში. საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვებია და აშკარად მიგვანიშნებს, რომ საქართველოში ენერგოობიექტების რაოდენობა უნდა გაიზარდოს".

მან განმარტა, რომ ზემოთ მოყვანილი მონაცემებიდან ნათლად ჩანს ქვეყნის ეკონომიკისა და ელექტროენერგიის მოხმარების ურთიერთდამოკიდებულება. შესაბამისად, მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის სჭირდება ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების გაზრდა, ენერგეტიკული სექტორის აქტიური განვითარება:

"ანალიზი გვიჩვენებს, რომ მხოლოდ ქარზე, მზეზე და ჩამონადენზე მომუშავე მცირე ჰიდროელექტროსადგურების ენერგია ქვეყნის ენერგეტიკულ სტაბილურობას ვერ განაპირობებს, საჭიროა საბაზისო სადგურები ანუ თბოელექტროსადგურები და წყალსაცავიანი ჰესები. გერმანიისგან განსხვავებით, ამ ეტაპზე საქართველოში ჰესების სხვა ენერგოობიექტებით ჩანაცვლების საკითხი არ დგას, რადგან ელექტროენერგიის დეფიციტია“.

ის განმარტავს, რომ ზოგადად თბოელექტროსადგურს, ატომურ ელექტროსადგურსა და წყალსაცავიან ჰესს შეუძლია ელექტროენერგიის გამომუშავება დაგეგმილ რეჟიმში. მისი თქმით, ასეთი სადგურების სიმძლავრე ექვემდებარება რეგულირებას და შესაძლებელია მათი მიბმა ელექტროენერგიის მოხმარების გრაფიკზე მაშინ, როდესაც ქარისა და მზის ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის დაგეგმვა შეუძლებელია:

"აქ არ ვგულისხმობ მზის ბატარეების ინდივიდუალურ მოხმარებას და ა.შ. ცნობილია, რომ ქარის ენერგია ცვალებადია და არ არის მისაღები საბაზისო სიმძლავრის დასაკმაყოფილებლად. თუმცა, არის გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც ქარის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზეა მიბმული ჰიდრომააკუმულირებელი სადგურები ანუ კვლავაც ჰესი".

ჩრდილოეთის ზღვა და შავი ზღვა განსხვავდება ერთმანეთისგან. მარტივად რომ ვთქვათ, „ქარიც სხვანაირი იქნება“, მისი ინტენსივობა და სხვა პარამეტრებიც

გალდავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში (შლეზვიგ-ჰოლშტაინის მხარეს) ელექტროენერგიის 40% და დანიაში - 49% ქარის ელექტროსადგურებითაა წარმოებული, ამ ორი ადგილის გეოგრაფიულ განლაგებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან იქაური მეტეოროლოგიური პირობები მკვეთრად განსხვავდება საქართველოსგან:

"ჩრდილოეთის ზღვა და შავი ზღვა განსხვავდება ერთმანეთისგან. მარტივად რომ ვთქვათ, „ქარიც სხვანაირი იქნება“, მისი ინტენსივობა და სხვა პარამეტრებიც. თითოეულმა ქვეყანამ უნდა გამოიყენოს ის რესურსი, რაც გააჩნია.

მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა ქვეყნის ეკონომიკურ სიტუაციას ასახავს, შესაბამისად კი ქვეყნის ეკონომიკის განსავითარებლად საჭიროა ახალი ენერგოობიექტების მშენებლობა

მსოფლიოში დღესდღეობით პროცენტულად კვლავაც ძალიან მცირეა ქარზე და მზეზე მომუშავე ელექტროსადგურები. განვითარებული ქვეყნები ცდილობენ ნელ-ნელა ჩაანაცვლონ ენერგოობიექტები განახლებადებზე. საქართველოსთვის კი დღეს ენერგოობიექტების მაქსიმალური განვითარებაა აუცილებელი. მას ეკონომიკური განვითარებისთვის ელექტროენერგიის წარმოების და მოხმარების გაზრდა, ენერგეტიკული სექტორის აქტიური განვითარება სჭირდება".

ჩვენს შეკითხვას, რა ჯდება დაახლოებით ერთი ისეთი დიდი ჰიდროელექტროსადგურის აშენება, როგორიც ხუდონია და შესაძლებელია თუ არა ალტერნატიული წყაროებიდან იმავე რაოდენობის ენერგიის (ქარი, მზე) იმავე თანხებით წარმოება, ის პასუხობს, რომ ხუდონის სხვა ალტერნატიულ პროექტებთან შედარება შეუძლებელია, რადგან მასში გათვალისწინებულია წყალსაცავი, რომელიც ორიენტირებულია ზამთრის დეფიციტის შევსებაზე და ის ექვემდებარება რეგულირებას:

"ხუდონჰესის სიმძლავრე შეადგენს 700 მგვტ-ს, მსოფლიოში უმსხვილესი მზის ელექტროსადგურის სიმძლავრე კი დაახლოებით 400-ს. ხუდონის ჯამური საინვესტიციო მოცულობა შეადგენს 1,2 მილიარდ დოლარს, ზემოაღნიშნული მზის ელექტროსადგურის სამშენებლო ღირებულება 2,2 მილიარდ დოლარს. ხუდონის წყალსაცავის სარკის ზედაპირის ფართობი 5,2 კმ²-ა, აღნიშნული მზის ელექტროსადგურის მიერ დაკავებული ტერიტორია კი 14,2 კმ²-ია. მგონი, ყველაფერი ნათელია. თან არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი - საქართველოს და მოჰავეს უდაბნოს (პროექტის განლაგების ადგილი) კლიმატური პირობები არის ძალიან განსხვავებული".

ჩვენს შეკითხვას, კლიმატისა და ეკოსისტემის ცვლილება, ტერიტორიის დატბორვა, სვანეთის შემთხვევაში, მოსახლეობის გადასახლება - ამ რისკებისა და შედეგების გათვალისწინებით, რამდენად სწორია აღნიშნული ჰესების აშენება, გალდავა პასუხობს, რომ ამ შემთხვევაში არჩევანი ქვეყნის განვითარებასა და არგანვითარებას შორის დგება და აღნიშნავს, რომ თითოეული ობიექტის მშენებლობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა მოხდეს სათანადო კვლევების ჩატარება ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. პროექტის გარემოზე ზეგავლენა შეძლებისდაგვარად მინიმალური უნდა იყოს, მშენებლობა და ოპერირება კი უსაფრთხო.

ქარის ელექტროსადგურები გამოსცემს დაბალი სიხშირის ინფრაბგერებს, რაც ადამიანის ყურისთვის არააღქმადია, მაგრამ უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე

ის ასევე განმარტავს, რომ ქარის ელექტროსადგურებსაც აქვს უარყოფითი მხარეები: ასეთი ენერგია ცვალებადია და არ არის მისაღები საბაზისო სიმძლავრის დასაკმაყოფილებლად. ამასთან, მისი უარყოფითი ზეგავლენა ძალზე საგრძნობია არამარტო ცხოველებსა და ფრინველებზე, არამედ მოსახლეობაზეც კი:

"ქარის ელექტროსადგურები გამოსცემს დაბალი სიხშირის ინფრაბგერებს, რაც ადამიანის ყურისთვის არააღქმადია, მაგრამ უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ასევე იღუპება ძალიან ბევრი ფრინველი".

რაც შეეხება მწვანე ალტერნატივის წარმომადგენლის მიერ ხუდონთან და ნენსკრასთან მიმართებით დასახელებულ ტარიფებს, გალდავამ განგვიმარტა, რომ ტარიფი განპირობებულია და მომავალშიც იქნება დამოკიდებული ახალ სიმძლავრეებზე, რომლებიც შემოვა სისტემაში, გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე და ის ხელს უნდა უწყობდეს ელექტროენერგიის ბაზრის არსებობას და შემდგომ განვითარებას. კონკრეტულ ციფრებს რაც შეეხება, მან გვითხრა, რომ ხუდონის აშენების შემთხვევაში, ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების გათვლის ზემოაღნიშნული მეთოდი მისთვის უცნობია.

ძველი ჰესების პერიოდული რეაბილიტაცია აუცილებელია, მაგრამ მხოლოდ მათი რეაბილიტაცია არასაკმარისია

რაც შეეხება დღეს საქართველოში არსებულ ჰესებს, რომელთა გაწმენდასა და სრულფასოვნად ამუშავებაზე ჰესების აშენების მოწინააღმდეგეები აპელირებენ, გალდავამ აგვიხსნა, რომ ძველი ჰესების რეაბილიტაცია არ იქნება საკმარისი:

"ძველი ჰესების პერიოდული რეაბილიტაცია აუცილებელია, მაგრამ მხოლოდ მათი რეაბილიტაცია არასაკმარისია. მომავალი 15-20 წლის განმავლობაში ეკონომიკური განვითარების და შესაბამისად ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის პირობებში, საქართველოს დაახლოებით 2-ჯერ მეტი ელექტროენერგიის წარმოება დასჭირდება, მხოლოდ ძველი ჰესების რეაბილიტაცია კი საკმარისი არ იქნება. გარდა ამისა, ნებისმიერი ენერგოობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გაჩერება ავტომატურად ქმნის იმპორტის საჭიროებას".

როგორია შუალედური პოზიცია?

საქართველო ასეთ ეტაპზე იმყოფება: მას უკვე აქვს ჰესები, ახლა ქარისგან ენერგიის წარმოება უნდა განავითაროს, ხოლო მომავალში მზის ენერგიაზე ფიქრი დაიწყოს

ენერგეტიკის ექსპერტი, გიორგი ბეჟუაშვილი, რომელმაც დაფინანსება მოიპოვა და გორში ქარის იმ ელექტროსადგურს აშენებს, რომელიც ექსპლუატაციაში შემოდგომიდან შევა, ამბობს, რომ საქართველო ახლა ასეთ ეტაპზე იმყოფება: მას უკვე აქვს ჰესები, ახლა ქარისგან ენერგიის წარმოება უნდა განავითაროს, ხოლო მომავალში მზის ენერგიაზე ფიქრის დაწყებაც შეუძლია:

"ყველას გააჩნია თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, ამიტომ ოპტიმიზაცია უნდა მოხდეს. მაგალითად, წყალი რეზერვუარში დავაგროვეთ, მაგრამ გავა პერიოდი და აღარ დარჩება წყალი იმ რეზერვუარში და იმუშავებს დინებაზე. თუ იქნება ქარის ელექტროსადგური, ეს იმის საშუალებას მოგვცემს, რომ დავზოგოთ ეს წყალი და გადავიტანოთ იმ თვეებზე, როდესაც გვაქვს დეფიციტი. ისინი ერთმანეთს ეხმარება. მაგრამ წყლის რეზერვუარის გარეშე ქარის გამოყენება ძნელი იქნება, რადგან ცვალებადია - დღეს არის, ხვალ კი შეიძლება არ იყოს".

რაც შეეხება მზის ენერგიის გამოყენებას, ბეჟუაშვილი ამ ეტაპზე აღნიშნულს სკეპტიკურად უდგება და განმარტავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ახლა, როდესაც გვაქვს ჰიდროელექტროსადგურები და შეგვიძლია ქარისგანაც ვაწარმოოთ ენერგია, მზის ენერგიის გამოყენების საჭიროება არ დგას:

"ალბათ, 5 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ ქარის კუთხით ეფექტურ ადგილებს ავითვისებთ და ჰესებიც უკვე ათვისებული გვაქვს, შემდეგ მზეზე ფიქრის დაწყება შეიძლება".

მარტო ქარის ენერგია რომ მოვიხმაროთ, მაშინ ტარიფები გაიზრდება

რაც შეეხება ტარიფებს, ბეჟუაშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველო ზემოაღნიშნული სქემით იმოქმედებს, ენერგიის სხვადასხვა წყაროების გამოყენების ერთგვარ მიქსსა და ოპტიმიზაციას მოახდენს, ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის. თუმცა ის ამბობს:

"მარტო ქარის ენერგია რომ მოვიხმაროთ, მაშინ ტარიფები გაიზრდება".

რას ნიშნავს განახლებადი ენერგორესურსი?

ქარის ელექტროსადგური

ქარის ელექტროსადგური

ფოტო: giSpate / Shutterstock

განახლებადი ენერგია იგივე ამოუწურავი ენერგიის წყაროა - ენერგორესურსი, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ აღდგება. განახლებადი ენერგორესურსებია მზე, ქარი, მდინარეები, გეოთერმული წყლები და ენერგიის სხვა ეკოლოგიურად სუფთა წყაროები.

მზის პანელების მუშაობის პრინციპი შემდეგია: ფოტოვოლტური (PV) მზის პანელები, შედგებიან ბევრი ე.წ. მზის უჯრისგან, რომელიც სილიკონისგანაა დამზადებული (როგორც ნახევარგამტარები). ისინი შედგებიან დადებითი და უარყოფითი შრეებისგან, რომლებიც ერთად ელექტრულ ველს ქმნიან (ისევე როგორც ბატარეაში). მას შემდეგ რაც მზის შუქი (ფოტონი) მოხვდება ე.წ. უჯრას, ის აიძულებს ელექტრონებს, მოწყდნენ თავიანთ ატომებს. თუკი ამ დროს გამტარები შეერთებული იქნებიან უჯრის დადებით და უარყოფით შრეებზე, ეს ელექტრულ წრედს შექმნის, მასში ელექტრონების მოძრაობა კი ელექტრული დენია.

მზის პანელები

მზის პანელები

ფოტო: Issarawat Tattong / Shutterstock

ე.წ. მზის პანელს ბევრი "უჯრა“ ქმნის, ხოლო ბევრი პანელი (მოდული) ერთად ე.წ. მზის პანელების მასივს (solar array) ქმნის. რაც უფრო მეტი პანელი გვაქვს, მით უფრო მეტი ენერგიის გამომუშავებაა შესაძლებელი.

ქარის ენერგია: ქარის ტურბინები მუშაობენ ფენის საპირისპიროდ. ნაცვლად იმისა, რომ ელექტროენერგია ქარის წარმოსაქმნელად გამოვიყენოთ, პირიქით - ქარს ვიყენებთ ელექტრობის წარმოსაქმნელად. პრინციპში, ქარის ენერგიას მზით წარმოქმნილი ელექტროენერგიის ერთ-ერთი ნაირსახეობაა, რადგან ქარი ატმოსფეროს არათანაბარი გათბობის შედეგია.

ქარის ენერგიის გენერაცია არის პროცესი, რომელშიც ქარი მექანიკური ან ელექტრული ენერგიის გენერაციისთვის გამოიყენება. ქარის ტურბინები კინეტიკურ ენერგიას მექანიკურში გარდაქმნიან, მექანიკურს კი ელექტრულ ენერგიაში. პრინციპი შემდეგია: ქარი ატრიალებს ფრთებს, რომლებიც თავის მხრივ მთავარ ღერძს ატრიალებენ, რომელიც ელექტროენერგიის წარმომქმნელ გენერატორთანაა დაკავშირებული.

განახლებადი რესურსების უპირატესობად მიიჩნევენ მის დაბალ და სტაბილურ ფასს, ეკოლოგიურ სისუფთავეს, უწყვეტობასა და განახლებადობას. გარდა ამისა, ამბობენ, რომ ვინაიდან მზე ყველგან არის და ქარიც ყველგან უბერავს, ამ ტიპის ენერგიის წარმოება თითქმის ყველა ქვეყანას შეუძლია, თუმცა აქ გასათვალისწინებელია, რომ დედამიწის სხვადასხვა წერტილში სხვადასხვა კლიმატური პირობებია, რის გამოც ამ ხერხით წარმოებული ენერგიის რაოდენობაც სხვადასხვა იქნება.

აღსანიშნავია ასევე, რომ განახლებადი ენერგიის წარმოებისათვის სადგურების აშენება საკმაოდ ძვირ სიამოვნებად ითვლება და ამისთვის დიდი ტერიტორიებია საჭირო.

რა პრინციპით მუშაობს ჰიდროელექტროსადგური?

ჰესი იმატრაკონსკში, ფინეთი

ჰესი იმატრაკონსკში, ფინეთი

ფოტო: Igor Grochev / Shutterstock

ჰიდროელექტროსადგურებს ძირითადად აშენებენ მდინარეებზე. ჰესის ძირითადი პარამეტრები კი დამოკიდებულია მდინარეში წყლის რაოდენობაზე და ჰიდროელექტროსადგურის განლაგების მონაკვეთზე მდინარის ქანობზე. სწორედ ეს ორი პარამეტრი განსაზღვრავს ჰესის სიმძლავრეს (მგვტ) და ელექტროენერგიის წლიურ გამომუშავებას (გვტ.სთ). რაც უფრო მეტია წყლის რაოდენობა და დაქანება, მით მეტია ჰესის სიმძლავრე და შესაბამისად, ელექტროენერგიის გამომუშავებაც და პირიქით.

ჰესის მუშაობის ძირითადი პრინციპი მდგომარეობს მოცემულ მონაკვეთზე წყლის ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნაში. ჰესის სათავეზე წყლის ნაკადი მდინარიდან გვირაბში ან მილში გადაედინება და ქვემოთ ჰესის შენობისკენ კონცენტრირებულად მიემართება, სადაც აბრუნებს ტურბინას, რაც იწვევს დენის გამომუშავებას. შემდგომ ხდება დენისქვეყნის ელექტროსისტემაში მიწოდება, წყალი კი უბრუნდება მდინარეს.

ძირითადად არსებობს ორი ტიპის ჰესი: ჩამონადენზე მომუშავე, ანუ წყალსაცავის გარეშე ბუნებრივ მოდინებაზე მომუშავე, და რეგულირებადი (ანუ წყალსაცავით). ჰესის წყალსაცავის რეგულირება შესაძლოა იყოს სეზონური, წლიური, მრავალწლიური და სხვა ტიპის.

მიუხედავად იმისა, რომ ჰიდროელექტროსადგურების აშენება საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მის უპირატესობად მიჩნეულია ის ფაქტი, რომ ჰესი წყალს ფაქტობრივად "არ ხარჯავს". ამასთან, ჰიდროელქტროსადგურებით გამომუშავებული ენერგია გაცილებით იაფია, ვიდრე - თბოელექტროსადგურებით. ამასთან, ჰესების სხვადასხვა სიმძლავრით მუშაობაა შესაძლებელი.

გარდა ამისა, ჰესით ენერგიის გამომუშავება კვირაში 7 დღე 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი, ის გარემოში ტოქსინებსა და სხვა მავნე ნივთიერებებს არ აბნევს. გარდა ამისა, ხელოვნურად დაგუბებული ტბის მიმდებარე ტერიტორია ხშირად სარეკრეაციო ზონად იქცევა ხოლმე.

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ჰიდროელექტროსადგურების აშენება დიდი ტერიტორიების დატბორვას იწვევს, რაც ხშირ შემთხვევაში იქ არსებული ეკოსისტემის, მცენარეებისა და მობინადრე ცხოველების განადგურებას, მდინარეების დაბინძურებას, ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით გადასახლებას განაპირობებს. გარდა ამისა, მთის მდინარეები საშიშია სეისმოლოგიური თვალსაზრისითაც და ამ ტიპის სადგურის აშენებამ შესაძლოა რეგიონში წყლის მიწოდების პრობლემაც შექმნას.

რომელი ქვეყნები აწარმოებენ ენერგიას ჰიდროელექტროსადგურების მეშვეობით?

Three Gorges Dam - მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური მდინარე იანძიზე, ჩინეთი.

ფოტო: PRILL / Shutterstock

მიუხედავად განახლებადი ენერგიის სხვა წყაროების პოპულარობისა, ჰიდრორესურსები მსოფლიოში გამოყენებადი და განახლებადი ენერგიის პოპულარულ წყაროდ რჩება. 2015 წლის მონაცემებით, ჰიდროელექტროსადგურებმა მსოფლიოში წარმოებული ელექტროენერგიის თითქმის 17% აწარმოა ანუ განახლებადი წყაროების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 70%.

ჩინეთი მსოფლიოში ჰიდროელექტრორესურსების მწარმოებელი ლიდერი სახელმწიფოა. ქვეყანაში მსოფლიოში ყველაზე დიდი - 22 500 მეგავატი მოცულობის ჰიდროელექტროსადგური - Three Gorges Dam მსოფლიოში სიგრძით მესამე ადგილზე მყოფ მდინარე იანძიზე ფუნქციონირებს. აღნიშნულ ელექტროსადგურს ქვეყნის ეკონომიკისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ის წლის მანძილზე ჩინეთის ენერგომომარაგებაზე მოთხოვნის ზრდას სრულად ურზუნველყოფს.

თუმცა, ზოგადად ჰესებთან დაკავშირებული შესაძლო რისკების გარდა, ოფიციალური ცნობებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული ჰესის კაშხლის გარღვევის შემთხვევაში დატბორვის ზონაში 360 მილიონი ადამიანი შეიძლება მოჰყვეს.

ჰიდროელექტრორესურსების მწარმოებელთა ხუთეულში შედიან ასევე კანადა, ბრაზილია, აშშ და რუსეთიც.

გერმანია - მსოფლიო ლიდერი განახლებადი ენერგიის გამოყენების კუთხით

გერმანიის ენერგეტიკის ძირითადი რესურსი ქვანახშირი, ატომური ენერგია, ხე-ტყე, ბიოსაწვავი, ქარი, ჰიდრო და მზის ენერგიაა. თუმცა, უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში გერმანიის ენერგოპოლიტიკა მთლიანად ორიენტირებულია განახლებადი ენერგიის, ძირითადად მზისა და ქარის გამოყენებაზე. ამ სფეროში მიღწევებით ის მსოფლიო ლიდერია.

ქვეყანაში ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია - 3%, სხვა განახლებადი რესურსების მიერ გამომუშავებული - 17,6%, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგია - 45,1%, ხოლო გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურებისა - 14%-ია.

2000-დან 2014 წლამდე გერმანიის მიერ განახლებადი ენერგიის მოხმარების მაჩვენებელმა 6,3 პროცენტიდან 30 პროცენტამდე მოიმატა. 2014 წელს, პირველად გერმანიის ისტორიაში, ქვეყანამ განახლებადი რესურსებიდან უფრო მეტი ელექტროენერგია აწარმოა, ვიდრე სხვა დანარჩენი რესურსებიდან. 2016 წლის მაისში კი გერმანიამ განახლებადი ენერგიის წარმოების ახალ ნიშნულს მიაღწია და ქვეყნის ელექტროენერგიაზე მოთხოვნის 90%-მდე სწორედ მზის, ქარის, ბიომასისა და წყლის ენერგიით დააკმაყოფილა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ენერგეტიკის - 58 გიგავატის 45% ქვეყანამ მხოლოდ მზისგან, 36% - ქარისგან, 9% - ბიომასებისგან და მხოლოდ 5% მიიღო ჰიდრორესურსებიდან.

მოუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მასშტაბით 237 ათას კვადრატულ კილომეტრზე 23 ათასი ქარის ტურბინა და მილიონნახევრამდე მზის პანელი მუშაობს, გერმანიის ენერგოპოლიტიკა განახლებადი ენერგიის გამოყენების გაზრდაზე კვლავ მუშაობს. 2050 წლისთვის ის გეგმავს, რომ ქვეყნის მოთხოვნის შესაბამისი რაოდენობის ენერგიის 100-ვე პროცენტი განახლებადი ენერგო რესურსებით აწარმოოს.

დათო ჭიპაშვილი კი ამბობს, რომ გერმანიაში არსებული ე.წ. rooftop-ები, რომლებიც სახურავებზე თავად რიგითი მოქალაქეების მიერ არის დამონტაჟებული, დეცენტრალიზებულ სისტემას ექვემდებარება, რისი მიღწევაც საქართველოში არსებული ცენტრალიზებული სისტემიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე შეუძლებელია:

"შარშან მათ მხოლოდ მზის პანელებით 45 მლრდ კვტ.სთ ენერგია გამოიმუშავეს. შედარებისთვის, ეს არის 4,5-ჯერ უფრო მეტი ელექტროენერგია, ვიდრე მთლიანად ჩვენი ენერგო-ელექტრო სისტემა. ამ ენერგიის ფასი შარშან გერმანიაში 1კვტ.სთ არ აღემატებოდა 7 ცენტს. ჩვენ კი ხუდონიდან 10 წლის შემდეგ 1კვტ.სთ ადგილზე 27 თეთრად უნდა ვიყიდოთ".

რატომ განახლებადი ენერგია?

იდეის მომხრეები გერმანიაში ამბობენ:

  • ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის წვა კლიმატის ცვლილებას იწვევს.
  • გერმანია ენერგიის 2/3-ს იმპორტიდან იღებს, ამიტომ მისთვის უმჯობესია თავად აწარმოოს ეკოლოგიურად სუფთა ენერგოპროდუქტი.
  • განახლებადი ენერგიის გამოყენებამ ასიათასობით სამუშაო ადგილი უკვე შექმნა და ისევ ქმნის.
  • შესაძლო რისკების გამო, გერმანია აპირებს საბოლოოდ მთლიანად უარი თქვას ბირთვულ ენერგეტიკაზე.
  • განახლებადი ენერგია უფრო იაფია, ვიდრე ტრადიციული მეთოდებით წარმოებული ენერგია.
  • მზიან და ქარიან ამინდში განახლებადი ენერგიის წყაროები საჭირო ენერგიის 50%-ს აწარმოებენ.

კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. აშშ-საქართველოს პარტნიორობის მომავალი — უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა
  2. საქართველოში იმყოფება რუსი გავლენიანი პირი იანინი, რომელიც მანამდე ოკუპირებულ აფხაზეთში იყო — თამბაქოს კონტროლის ალიანსი
  3. ქვიზი: იცი თუ არა, როგორია საშუალო ხელფასი ევროკავშირის ქვეყნებში?
  4. რას მალავს მოსამართლე, რომელმაც ლაზარეს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
  5. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შოთა არველაძე: არა ამ კანონს და ყველა იმ ინიციატივას, რომელიც გვაშორებს მთავარ მიზანს

არ არსებობს შემთხვევა, როცა ისტორიის რომელიმე მონაკვეთში, რუსეთი ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდა მხარს, რომელიც ჩვენი…