თბილისში ვიზიტის პირველ დღეს მიშელ უელბეკმა თავისი ახალი წიგნის გამოსვლის თარიღი დააანონსა. ფრანგმა მწერალმა და მსოფლიო ბესტსელერების ავტორმა ამის შესახებ თბილისი რუმსში ქართულ პრესასთან შეხვედრის დროს ისაუბრა. უელბეკის თქმით, მისი ახალი წიგნი 2019 წლის იანვარში გამოვა. მწერალს ახალი რომანის შესახებ დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროვებია.

მიშელ უელბეკი საქართველოში 23 ივნისს, დილის ოთხ საათზე ჩამოვიდა. მწერალს აეროპორტში უამრავი მკითხველი დახვდა. პრეს-კონფერენციაზე მიშელ უელბეკმა და მისმა ფრანგმა გამომცემელმა აღნიშნეს, რომ დახვედრა შთამბეჭდავი იყო და მათ ასე თბილად არც ერთ ქვეყანაში არ დახვედრიან.

პრესასთან შეხვედრას ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და კულტურის მინისტრი მასპინძლობდნენ. პრეს-კონფერენციაზე მიშელ უელბეკი ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებსაც პასუხობდა. კითხვა-პასუხის რეჟიმში ჟურნალისტები მწერალს როგორც ზოგად პოლიტიკურ თემებზე, ასევე მის შემოქმედებაზე უსვამდნენ კითხვებს.

პრეს-კონფერენციის დასასრულს ფრანგმა ავტორმა და მისმა მასპინძლებმა სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.

მიშელ უელბეკი 25 ივნისს მკითხველს რუსთაველის თეატრში შეხვდება, სადაც დამსწრე აუდიტორიას კითხვების დასმის საშუალებაც ექნება. ფრანგი მწერალი საქართველოს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მოწვევით სტუმრობს. მიშელ უელბეკს მასპინძლობას თბილისსა და ყაზბეგში თანამედროვე ქართველი ავტორი არჩილ ქიქოძე გაუწევს.

მიშელ უელბეკი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული ფრანგი მწერალია. მისი წიგნებია: "მორჩილება", "რუკა და ტერიტორია", "კუნძულის შესაძლებლობა", "პლატფორმა", "ელემენტარული ნაწილაკები" და სხვ.