ბასიანის დამფუძნებლის, ტატო გეთიას თქმით, სასამართლოს განჩინებაში, რომლის საფუძველზეც ბასიანში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს სხვა კომპანიის კოდი წერია. გეთიას განცხადებით, ჩხრეკა უკანონოა.

ვიდეომასალაში, რომელსაც თეთრი ხმაურის მოძრაობა ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი არ უარყოფს გეთიას განცხადებას არასწორი საიდენტიფიკაციო კოდის შესახებ და აცხადებს, რომ კოდის გარდა განჩინებაში მისამართი და შპს-ს სახელი წერია და სწორედ იმ მისამართზე ახორციელებს ჩხრეკას.

შსს-ს წარმომადგენელმა მოუწოდა გეთიას, ჩხრეკის პროცესზე წარმომადგენლის სტატუსით დარჩენილიყო და საგამოძიებო მოქმედებისთვის ხელი არ შეეშალა.

როგორც On.ge-ს რამდენიმე საათის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ბასიანში ჩხრეკა არ მიმდინარეობდა ორმხრივი შეთანხმებით დოკუმენტაციის ამოღებას აპირებდნენ.

სპეცოპერაციიდან 21 დღიანი ლუქის შემდეგ, ბასიანი 23 მაისს გაიხსნა. 11 მაისს გვიან ღამით შსს-მ სპეცოპერაცია ჩაატარა და ნარკორელიზატორობის ბრალდებით რვა პირი დააკავა. რამდენიმე საათში კი პოლიცია ბასიანში, კაფე გალერისა და ბლოუ-ბარში შევიდა, კლუბის სტუმრები გარეთ გაიყვანა და შენობების ჩხრეკა დაიწყო.

ბასიანთან და გალერისთან პოლიციელებს, სპეცრაზმელებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სამართადამცავების მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის 50-მდე პირი დააკავეს.

ბასიანსა და გალერიში სპეცოპერაციის და პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების გასაპროტესტებლად თბილისში 2-დღის განმავლობაში აქცია #ჩვენითავისუფლებისთვის იმართებოდა.

აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბოდიში მოიხადა და ნარკოპოლიტიკაზე სამუშაო ჯგუფის შექმნის პირობა დადო.

გაიგეთ მეტი: ბასიანსა და გალერიში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგები - მოკლედ