გირჩის ლიდერისა და საპრეზიდენტო კანდიდატის, ზურა ჯაფარიძის ადვოკატი, ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ სასამართლო პროცესზე პოლიციის თანამშრომელმა ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.

პოლიციის თანამშრომელი ამტკიცებს, რომ ჯაფარიძე 12 მაისის აქციის დროს მას და პოლიციის სხვა თანამშრომლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, რის გამოც ის დააკავეს. ქურდოვანიძე ამბობს, რომ მხოლოდ პოლიციელის ჩვენება საკმარისი არაა.

"კონკრეტული გამონათქვამები, შეფასებები, რომლებიც შეიძლება გაკეთდეს პოლიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ან სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ, ეს არის კონკრეტული პირის გადასაწყვეტი. მას აქვს უფლება იმ ლექსიკითა და ტერმინოლოგიით, რომელიც მას მიაჩნია სწორად და ჯდება მშვიდობიანი გამოხატვის ფორმაში, გამოხატოს თავისი პოზიცია. ეს არ შეიძლება ჩაითვალოს შეურაცხყოფად", - ამბობს ქურდოვანიძე.

ჯაფარიძემ, ასევე, თქვა, რომ პოლიციელებს სასამართლო სხდომაზე მისი დაკავების შესახებ საუბრის დროს თარიღები აერიათ.

შსს-ს წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ჯაფარიძის დაკავება ინტერვიუებს არ უკავშირდება და "აგრესიული ქცევების" დასადასტურებლად ვიდეოჩანაწერი წარადგინეს. შსს-ს წარმომადგენელმა, ირაკლი დუმბაძემ სასამართლოზე დისკი მიიტანა, რომელზეც, მისი თქმით, ასახული იყო, როგორ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ჯაფარიძე პოლიციელებს.

დაცვის მხარე კონტრარგუმენტად ამბობდა, რომ "ვიდეო ტენდენციურად მოჭრილი იყო" და 10-წუთიანი, მათი თქმით, სრული ჩანაწერი წარადგინეს.

დღეს, 22 ივნისს მხარეთა ახსნა-განმარტებებს ისმენდა მოსამართლე. მოწმეები გამოიკითხებიან 13 ივლისის სხდომაზე.

სხდომის დაწყებისას ზურა ჯაფარიძე და მისი ადვოკატი მოსამართლე ნინო ჭალიძის აცილებას ითხოვდნენ, რადგან მან ერთხელ უკვე განიხილა მისი საქმე და შეიძლება ჰქონოდა წინასწარი განწყობა.

ზურა ჯაფარიძე 12 მაისს თბილისში კლუბების ბასიანისა და გალერიში ჩატარებული სპეცოპერაციის ჩატარების შემდეგ გამართულ აქციაზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან.