სპეცოპერაციიდან თვენახევრის შემდეგ, შსს ბასიანში დოკუმენტების ამოსაღებად შევიდა. ბასიანის დამფუძნებლის, ზვიად გელბახიანის განცხადებით, შსს ოფისს ჩხრეკს.

როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინსიტროში განუცხადეს, ბასიანის ოფისიდან ინფორმაციის ამოღება მფლობელებთან შეთანხმებით ხდება და შესაბამისი დოკუმენტიც გაფორმდება:

"არანაირი ჩხრეკა არ მიმდინარეობს. ორივე მხარის შეთანხმებით მიმდინარეობს გარკვეული დოკუმენტების ამოღება", - განაცხადეს უწყებაში.

სპეცოპერაციიდან 21 დღიანი ლუქის შემდეგ, ბასიანი 23 მაისს გაიხსნა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, რომ ნარკოტიკებთან ბრძოლა არ დაწყებულა ბასიანით და არც დამთავრდება ბასიანით.

11 მაისს გვიან ღამით შსს-მ სპეცოპერაცია ჩაატარა და ნარკორელიზატორობის ბრალდებით რვა პირი დააკავა. რამდენიმე საათში კი პოლიცია ბასიანში, კაფე გალერისა და ბლოუ-ბარში შევიდა, კლუბის სტუმრები გარეთ გაიყვანა და შენობების ჩხრეკა დაიწყო.

ბასიანთან და გალერისთან პოლიციელებს, სპეცრაზმელებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სამართადამცავების მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის 50-მდე პირი დააკავეს.

ბასიანსა და გალერიში სპეცოპერაციის და პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების გასაპროტესტებლად თბილისში 2-დღის განმავლობაში აქცია #ჩვენითავისუფლებისთვის იმართებოდა.

აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბოდიში მოიხადა და ნარკოპოლიტიკაზე სამუშაო ჯგუფის შექმნის პირობა დადო.

გაიგეთ მეტი: ბასიანსა და გალერიში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგები - მოკლედ