პირველი არხის აღმასრულებელი საბჭო მიიჩნევს, რომ მედიის ადვოკატირებისთვის შექმნილი კოალიციის განცხადება არხის საგამოძიებო ფილმის შესახებ, წარმოადგენს თემას აცდენილ, არაკომპეტენტურ და სხვადასხვა ინტერესებით დატვირთულ შეფასებას.

"ადამიანთა ერთი ჯგუფი შეპყრობილია ამბიციით, დომინირებდეს საზოგადოებრივ აზრზე და დარწმუნებულია, რომ სწორედ მათი ჯგუფი წარმოადგენს ჭეშმარიტების დამდგენ ერთადერთ ინსტანციას. აშკარად ჩანს, რომ აღნიშნული კოალიცია წინასწარგანზრახულად ცდილობს, არასწორად და ფაქტების დამახინჯებით წარმოაჩინოს პირველი არხის პოზიცია", - ნათქვამია პირველი არხის აღმასრულებელი საბჭოს განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის წევრების მიზანია, შექმნან ილუზია, თითქოს ისინი და მხოლოდ ისინი არიან ნებისმიერი მოვლენის მთავარი შემფასებლები:

"სრულიად გაუგებარი და მისამართს აცდენილია ორმაგი სტანდარტებით ხელოვნურად შეთხზული პრეტენზიები, რომელსაც მედიის ადვოკატები პირველი არხის მენეჯმენტის მიმართ გამოთქვამენ და ამ პრეტენზიების უკან ჩანს მხოლოდ დაუკმაყოფილებელი ამბიციები და ჭკუის სწავლების სურვილი. ყველაზე აბსურდულად და სამარცხვინოდ გამოიყურება ბრალდება, რომ თითქოს პირველმა არხმა ფილმი ანახა დაინტერესებულ მხარეს, თუმცა, არ არის დაზუსტებული ვის მიიჩნევს კოალიცია დაინტერესებულ მხარედ იმ ჯგუფებიდან, რომელთაც პირველმა არხმა რამდენიმე შეკითხვით მიმართა პირველ რიგში როგორც დაუინტერესებელ მხარეებს".

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე "გამომძიებელი რეპორტიორის" მიერ მომზადებული ფილმის ეთერში გასვლამდე პირველი არხის მენეჯმენტმა არაკომპეტენტური გადაწყვეტილებები მიიღო. მათი განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან, ეს იყო ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის საშიში პრეცენდენტი.

ხორავას ქუჩაზე მოკლულის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებდა, რომ პირველი არხი ფილმს ეთერში პოლიტიკური მოტივებით არ უშვებდა. მისი თქმით, მთავრობა ცდილობდა ხელი შეეშალა მკვლელობაზე ინფორმაციის გავრცელებისთვის. სარალიძემ არაერთხელ მიმართა მაუწყებლის საბჭოს დაუყოვნებლივი რეაგირების მოთხოვნით.