თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მათი მხრიდან ქუჩის მუსიკოსების მიმართ არა სანქციები, არამედ ხელშეწყობა იქნება. და ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"არასწორ ინფორმაციას ავრცელებთ. არანაირი სანქციები არ წესდება, პირიქით ქუჩის მუსიკოსებს ჩვენი მხრიდან თანადგომა ექნებათ. ვმუშაობთ საინტერესო პროექტზე, ფესტივალის გაკეთება გვინდა".

მისივე თქმით, ქუჩის მუსიკოსებს შორის ბევრი ნიჭიერი ადამიანია, რომელსაც შესაბამისი ხელშეწყობა სჭირდება:

"ნიჭიერი და წარმატებული ახალგაზრდებისგან შემდგარი ჯგუფი "ბანი" წლების წინ მიწისქვეშა გადასასვლელში უკრავდა. იმ პერიოდში მილანში ვცხოვრობდი. სრულიად შემთხვევით ინტერნეტში ამ ბიჭების სიმღერა მოვისმინე. იმდენად მომეწონა, რომ საქართველოს ნაკრების თამაშზე ჩამოსვლის დროს, ამ ახალგაზრდებს შევხვდი. ყველანაირად დავეხმარე, ფინანსურად და ინსტრუმენტების შეძენით. ისინი წარმატებულები გახდნენ. დღეს ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან".

თბილისის "ღამის ეკონომიკის" განვითარების პროექტის ხელმძღვანელის, სერგი გვარჯალაძის თქმით, ქუჩის მუსიკოსებისთვის შესაძლოა, კონკრეტული ადგილები გამოიყოს. გვარჯალაძე აღნიშნავს, რომ მათი მიზანია ქუჩის მუსიკის ხელშეწყობა, თუმცა ამავე დროს ზედმეტი ხმაურისგან ხალხის დაცვა.

"ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები დგანან ქუჩაში, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მუსიკოსები არ არიან და ეს ვნებს არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ყურს, არამედ ტურისტებზე არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს. ასე რომ, ვფიქრობ, ესეც მოსაწესრიგებელია", - განაცხადა გვარჯალაძემ ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში.

"ღამის ეკონომიკის" განვითარება თბილისის მერის, კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება იყო. მისი თქმით, ღამის ეკონომიკა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.