უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ მცირე მთავრობის კონცეფცია საკადრო შემცირებებს არ ითვალისწინებს:

"რაც შეიძლება დღეს დარწმუნებით ითქვას, ადმინისტრაციული ხარჯები იქნება შენარჩუნებული. ეკონომიკური ზრდის პირობებში ეს მოგვცემს სერიოზულ დანაზოგს, აქედან გამომდინარეობს ყველა დაპირება, რაც პრემიერმა გააჟღერა. ოპტიმიზაცია არ იქნება დაკავშირებული საკადრო შემცირებებთან", - განაცხადა ვოლსკიმ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ კონსულტაციები გრძელდება და ახალი მინისტრთა კაბინეტი ამ დრომდე არ დამტკიცებულა. აკაკი ზოიძის თქმით, ახალი მთავრობის თვითმიზანი არ არის 14-დან 11 სამინისტროს დატოვება და შესაძლოა, ცვლილებები 3-ზე მეტ სამინისტროს შეეხოს. ამავე თემაზე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ უმრავლესობა განიხილავს რამდენად მნიშვნელოვანია ორგანულად თავსებადი უწყებების გაერთიანება და რა შედეგებს გამოიწვევს ეს გაერთიანება.