სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, 23 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით, საქართველო საავიაციო რალის უმასპინძლებს.

რალი ავიაკომპანია სერვისეარის და ტურისტული კომპანია Vanilla Sky-ის ორგანიზებით, საჰაერო კლუბ Rallye Aéro France-ის ეგიდით იმართება.

ავიაციის სააგენტოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ განრიგით, სლოვენიის, ხორვატიის, სერბეთის, ბულგარეთის და თურქეთის საჰაერო სივრცეში ფრენის შემდეგ, 23 ივნისს, 18 ერთეული მცირე ზომის საჰაერო ხომალდი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვება. საჰაერო ხომალდების მფლობელები, პილოტები და მათი თანმხლები ტურისტები საქართველოში ერთი კვირით დარჩებიან.

ფრენის გეგმების მიხედვით, საავიაციო რალის ქართული ნაწილი შემდეგი მარშრუტით წარიმართება:

  • 24 ივნისს გაფრენა ბათუმიდან ნატახტარის აეროპორტში;
  • 25 ივნისს გაფრენა ნატახტარიდან თელავის მიმართულებით;
  • 26 ივნისს დაბრუნება ნატახტრის აეროპორტში;
  • 27 ივნისს გაფრენა მესტიაში;
  • 28 ივნისს გამოფრენა მესტიიდან ქუთაისში;
  • 29 ივნისს, საჰაერო ხომალდები დატოვებენ საქართველოს საჰაერო სივრცეს და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამსუნის მიმართულებით გაემგზავრებიან.

ავიაციის სააგენტოს განცხადებით, რალის მონაწილე საჰაერო ხომალდებს საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის ნებართვა სააგენტოს მიერ 20 ივნისს მიენიჭა.