რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის თქმით, ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოები ვლადიკავკაზშია. კარასინის განცხადებას პირველი არხი ავრცელებს.

კარასინის თქმით, ექსპერტიზა ვლადიკავკაზის ლაბორატორიაში ჩატარდა, შესაბამისად ორგანოებიც იქაა.

"ჩვენ, რუსეთს შეგვიძლია ჩავერიოთ მხოლოდ იმ დოზით, რა დოზითაც არის შესაძლებელი. მთავარია და აუცილებელი, რომ საქართველო ესაუბროს სამხრეთ ოსეთს... ასევე მინდა გითხრათ, რომ ლაბორატორიამ დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა. უნდა გესმოდეთ, რომ რუსეთს ამ პრობლემის გადაჭრა არ შეუძლია, ვინაიდან ეს პრობლემა წარმოიშვა სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის", - განაცხადა კარასინმა.

ცხინვალის რეგიონიდან გადმოსვენებულ ტატუნაშვილს შინაგანი ორგანოები არ აღმოაჩნდა და მისი ოჯახი ორგანოების გადმოცემას ითხოვს.

არჩილ ტატუნაშვილის საქმე

2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა, საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი დააკავეს.

ოსური მხარის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილმა ცხინვალში, იზოლატორში გადაყვანისას პოლიციელისთვის იარაღის წართმევა სცადა, საპასუხო ძალის გამოყენების შედეგად შეუძლოდ გახდა, კიბეებზე წაიქცა და მოგვიანებით საავადმყოფოში დაიღუპა. ოსური მხარე ამტკიცებს, რომ საავადმყოფოში ტატუნაშვილს ყველა შესაძლო დახმარება გაუწიეს, თუმცა უშედეგოდ.

20 მარტს ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 26 დღის შემდეგ გადმოასვენეს. ცხედარს სამხარაულის ბიუროში ექსპრეტიზა ჩაუტარდა. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის და წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის განცხადებით, პირველადი ექსპერტიზით, ტატუნაშვილს სერიოზული დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნებოდა.

ამავე თემაზე: