თუ სახლში საჭმელს ხშირად ამზადებთ, მაშინ დიდი შანსია, ზაფხული თქვენთვის მხოლოდ რუჯთან და თხელ ტანსაცმელთან არ ასოცირდებოდეს. ზაფხული გარკვეულ პრობლემებსაც ქმნის და ეს განსაკუთრებით საგრძნობი სამზარეულოშია. ზამთარში მაცივრის გარეშე საათობით დატოვებულ საჭმელს გემოც კი არ ეცვლება, ცხელ დღეებში კი გარეთ დატოვებული საკვების ჭამის გამო შეიძლება საავადმყოფოში ამოყოთ თავი.

გთავაზობთ რჩევებს, რომელთა გათვალისწინებაც მოწამვლისგან დაგიცავთ.

1. ნუ გადაავსებთ მაცივარს

თუ ფიქრობთ, რომ მაცივარში საჭმლის შედგმით თავი ქუდში გაქვთ, თქვენ ცდებით. მაცივარში შენახული საჭმელიც შეიძლება გაფუჭდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა თაროები გადავსებულია.

2. ნუ შეინახავთ მაცივარში ცხელ ან თბილ საჭმელს

ხანდახან ასეც ხდება: საჭმლის კეთებას ასრულებთ და სახლიდან რაღაც საქმეზე გიწევთ გასვლა, თან - ახალმომზადებული კერძის დატოვებაც არ გინდათ მაცივრის გარეშე. დიდია ცდუნება, რომ ქურიდან ახალგადმოდგმული ქვაბი პირდაპირ მაცივარში შედგათ, მაგრამ ამის გაკეთებას არ გირჩევთ. დაიცადეთ, სანამ საჭმლის ტემპერატურა ოთახის ტემპერატურას არ მიუახლოვდება. სხვა შემთხვევაში, საჭმლისა და მაცივრის კეთილდღეობას რისკავთ.

3. გააცხელეთ მხოლოდ იმდენი საჭმელი, რამდენიც გჭირდებათ

თუ კერძი დიდ ქვაბში გაქვთ მომზადებული და ჭამას მხოლოდ თქვენ აპირებთ, გადმოიღეთ საკვები უფრო პატარა ქვაბში / კონტეინერში და ისე გააცხელეთ. ხშირი გაცხელება პროდუქტებს სწრაფად აფუჭებს.

4. ნუღარ შეინახავთ მაცივარში ერთხელ უკვე გაცხელებულ საკვებს

უცნაურია, მაგრამ ეს ბევრმა ადამიანმა არ იცის. როცა საჭმელს აცხელებთ, ბაქტერია დაუყოვნებლივ იწყებს "მუშაობას" და როცა იმავე საჭმელს მაცივარში აბრუნებთ, გაფუჭების პროცესი ჩვეულებრივად გრძელდება, მიუხედავად შედარებით დაბალი ტემპერატურისა.

ფოტო: Healthyfood.co

5. შეინახეთ საჭმელი პატარ-პატარა პორციებად

რაც უფრო დიდ სათავსოშია საჭმელი, მით უფრო სწრაფად ფუჭდება.

6. მჟავე საჭმელები განსაკუთრებით საფრთხილოა

თუ საჭმელში ბევრ პომიდორს ან ლიმონს იყენებთ, სასწრაფოდ შეინახეთ მაცივარში. მჟავე საჭმელები ზაფხულში ყველაზე სწრაფად ფუჭდება.

7. ნუ შეინახავთ მალფუჭებად საკვებს მაცივრის ზედა თაროებზე

მაცივარიც ხურდება და თბილი ჰაერის ნაკადი სადმე უნდა წავიდეს - სწორედ ამიტომ არის მაცივრის ზედა თაროები უფრო "ცხელი", ვიდრე ქვედა.

შესაბამისად, ხილი და ბოსტნეული აუცილებლად ქვემოთ უნდა შეინახოთ.

ნახეთ ასევე სხვა შუადღის გადაცემა, სადაც წამყვანებმა ზაფხულში ქუჩაში ნაყიდი საჭმელთან დაკავშირებულ რისკებზე ისაუბრეს.