2018 წლის 19 ივნისი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის We Care ინიციატივით, კამპანიის "კაცები ზრუნავენ" ფარგლებში, მამის დღე, 19 ივნისი, საქართველოში წელს მესამედ აღინიშნება.

მამის დღის ცენტრალური ღონისძიება 19 ივნისს, 19 საათზე, თბილისში, მზიურის სცენაზე გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები წარმოადგენენ სპეკტაკლს "შოუ ზღაპართა ქვეყანაში". მზიურის სტუმარ ბავშვებსა და მშობლებს შემეცნებითი და გასართობები თამაშებიც ელით.

ასევე, მამის დღის აღსანიშნავად დაგეგმილია ღონისძიებები თელავსა და ზუგდიდში. მწერალი ტორესა მოსი თელავში, წიგნის მაღაზია ბიბლუსში გამართავს მკითხველთან შეხვედრას, სადაც წაიკითხავს ალექსანდრე ლორთქიფანიძის წიგნს "იავნანა ლილისთვის", ხოლო ზუგდიდში, ბიბლიოთეკის მთავარ დარბაზში, მწერალი ზვიად კვარაცხელია იმავე წიგნით შეხვდება მკითხველს. "იავნანა ლილისთვის" გასულ წელს, კამპანიის "კაცები ზრუნავენ" ფარგლებში გამოიცა.

მამის დღის აღნიშვნა ნაწილია იმ მასშტაბური ინიციატივისა, რომელიც საქართველოში გენდერული თანასწორობის მისაღწევად გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) ეკუთვნის. მამის დღის დაწესება და აღნიშვნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ ხაზი გაესვას ბავშვების აღზრდის პროცესში მამების ჩართულობის მნიშვნელობას.

კამპანიის "კაცები ზრუნავენ" მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას, და ამ გზით - ქალების სოციალურ და ეკონომიურ მონაწილეობას და საზოგადოების გაძლიერებას. კამპანიაში მონაწილეობა შეუძლია ყველა მამაკაცს, რომელიც კამპანიის იდეას იზიარებს.

კამპანია "კაცები ზრუნავენ" მიმდინარეობს გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.