აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ რუსეთში ფეხბურთის ჩემპიონატის ჩატარების ადგილები შესაძლოა, ტერორისტული თავდასხმების სამიზნე გახდეს.

15 ივნისს გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში, დეპარტამენტმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ტერორისტული თავდასხმების მაღალი რისკის გამო გადახედოს რუსეთში გამგზავრების გადაწყვეტილებას. ასევე, უწყება რუსეთში ძალოვანი უწყებებისგან და სხვა ჩინოვნიკებისგან სავარაუდო "დევნისა და გამოძალვის" შესახებ აფრთხილებს.

"უსაფრთხოების მასშტაბური ზომების მიუხედავად, ტერორისტები შესაძლოა, თავს დაესხნან, სტადიონებს, ფან-ზონებს, ტურისტულ ღირშესანიშნაობებს, ტრანსპორტსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებს", - ნათქვამია განცხადებაში.

უწყება, მოუწოდებს აშშ-ის მოქალაქეებს, რომ ჩრდილოეთ კავკასიასა (განსაკუთრებით ჩეჩნეთი და ელბრუსი) და ყირიმში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ.

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით რუსეთის 11 ქალაქში ჩატარდება.