HaHa ომი გრძელდება - ახალი შეტევა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას პოსტზე დაიწყო. ხაჯიმბა მეორე თვითგამოცხადებულ პრეზიდენტთან, ანატოლი ბიბილოვთან ერთად რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს ესწრება.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ფეისბუქგვერდზე ჩემპიონატიდან გადაღებული ფოტოები გამოქვეყნდა. დე ფაქტო პრეზიდენტები, ვლადიმერ პუტინთან და სხვა ლიდერებთან ერთად საპატიო ლოჟიდან ადევნებენ თამაშს თვალს. ინტერნეტმომხმარებლებს არ გაკვირვებიათ, როცა ხაჯიმბას გვერდზე, პუტინთან ერთად გადაღებული ფოტოებიც გამოქვეყნდა.

ფოტო: აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ვებგვერდი

ფოტო: აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ვებგვერდი

ინტერნეტის რეაქციას არ დაუყოვნებია და ამ დროისთვის, ხაჯიმბას პოსტსზე სხვა რეაქციებთან შედარებით ოთხჯერ მეტი HaHa ემოციაა.

HaHa ომი თავდაპირველად აფხაზეთის საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრის, დაურ კოვეს წინააღმდეგ დაიწყო. კოვემ ფეისბუქზე სირიის მიერ, აფხაზეთის დამოუკიდებლად აღიარება აღნიშნა. სიცილმა დე ფაქტო მინისტრი აიძულა პოსტი წაეშალა.

HaHa ომის მორიგი შეტევა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, გიორგი კვირიკაშვილზე განხორციელდა, რომელმაც არასამთავრობოების მიერ წულუკიანის გადადგომის მოთხოვნა გააკრიტიკა.

ამის შემდეგ HaHa ემოციებმა იუსტიციის მინისტრის, ამჟამად მოვალეობის შემსრულებლის, თეა წულუკიანის პოსტზე გადაინაცვლეს და ყოფილი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ქებას დასცინეს.

მოგვიანებით HaHa პროტესტმა ქუჩაში გადაინაცვლა და იუსტიციის სახლთან HaHa ემოჯით "შეიარაღებულმა" მოქალაქეებმა თეა წულუკიანის გადადგომა მოითხოვეს.