ქართველმა ტრანსგენდერმა ქალმა, მონიკა თიგიშვილმა ჯარში გაწვევის უწყება მიიღო. მისი თქმით, პრობლემის სათავე პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის გარაფში იდენტობის შეუსაბამო ჩანაწერია.

როგორც მონიკამ On.ge-ს უთხრა, მსგავსი შემთხვევა მას სამი წლის წინაც ჰქონია. მაშინაც და ამჯერადაც მან ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის კონსულტაცია გაიარა, ხოლო ორივე შეჯერდა, რომ ჯარში არ უნდა წასულიყო.

"მეც ვფიქრობ, რომ ჩემთვისაც საფრთხის შემცველია ამჟამად და ამ სიტუაციაში ჯარში წასვლა. ეს უხერხული მომენტი იქნება როგორც იქ მყოფებისთვის, ასევე ჩემთვის", - ამბობს მონიკა თიგიშვილი.

მისივე თქმით, პრობლემა დროებით მოგვარდა, რადგან ჯარში წასვლა სამი წლით გადაუვადეს:

"ამ პრობლემების სათავე ქალბატონი წულუკიანია [იუსტიციის მინისტრი]. ჩვენ ვითხოვთ, სქესის გრაფაში შესაბამისი სიტყვა ჩაიწეროს, რომ გაგვიადვილდეს ცხოვრება ტრანსგენდერ ადამიანებს".

ტრანსგენდერი ადამიანები პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში სქესის გრაფაში შესაბამისი ჩანაწერის გაკეთებას დიდი ხანია ითხოვენ. ამასთან დაკავშირებით იუსტიციის სახლთან აქცია "მე ვარ ქალი - აღიარე!" გაიმართა. სქესის ჩანაწერის შეცვლის პროცესის გამარტივების მოთხოვნით ქალთა მოძრაობამ იუსტიციის სამინისტროში პეტიციაც შეიტანეს.

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, თეა წულუკიანმა ინტერვიუში განაცხადა, რომ არასამთავრობოები სთხოვენ, რომ ის ადამიანი, რომელსაც აქვს მამაკაცის ორგანოები გავატარო ქალად სამოქალაქო რეესტრში და ის, ვისაც აქვს ქალის ორგანოები გაატაროს კაცად.

წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურნენ ლგბტ აქტივისტები. ქალთა მოძრაობის წევრის იდა ბახტურიძის თქმით, თეა წულუკიანი ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებით სპეკულირებს და თავს იწონებს, როგორ არ ასრულებს იმ მოთხოვნას, რომელიც ბოლოს პეტიციის სახით მარტში მირანდა ფაღავასთან ერთად ქალთა მოძრაობამ შეიტანა.