კომპანია სვანეთი ჰიდრო მესტიის მოსახლოების მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად სხვადასხვა მიმართულების სოციალურ პროექტებს ახორციელებს, მათ შორის პრიორიტეტული განათლების ხელშეწყობა და მოზარდი თაობისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნაა.

კომპანიამ მესტიის I საჯარო სკოლაში სააქტო დარბაზის რემონტი დაიწყო და დარბაზის თანამედროვე სივრცედ გარდაქმნისთვის 20 000 ლარი გამოყო. აღსანიშნავია, რომ სარემონტო სამუშაოების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.

“ჩვენი სკოლისთვის საჭირო პროექტს ახორციელებს სვანეთი ჰიდრო. სააქტო დარბაზი სკოლისთვის მნიშვნელოვანი სივრცეა - აქ ვატარებდით სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს - იდგმებოდა თეატრალური წარმოდგენები, ტარდებოდა კონკურსები და სასკოლო გამოშვებები. ბოლო პერიოდში, ჩვენი დარბაზი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და ვეღარ ვიყენებდით. მოხარულები ვართ, რომ კომპანიის დახმარებით სააქტო დარბაზი კვლავ დაიბრუნებს ფუნქციონირებას. ეს სივრცე ბავშვებს და ჩვენც, მასწავლებლებს საშუალებას გვაძლევს უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გავხადოთ სწავლება“ - აცხადებს ნინო მახათელაშვილი - მესტიის I საჯარო სკოლის პედაგოგი

აღსანიშნავია, რომ სააქტო დარბაზის პროექტამდე კომპანიამ მესტიაში არსებულ ყველა სკოლას ბიბლიოთეკებისთვის წიგნები გადასცა.

„სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით კომპანიისთვის პრიორიტეტულია განათლების ხელშეწყობა. ამ მიმართულებით ჩვენ სხვადასხვა პროექტი უკვე განვახორციელეთ - დღეს კი მესტიის 1-ელ საჯარო სკოლაში სააქტო დარბაზის რემონტი დავიწყეთ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ პროექტი მოსწავლეებისა და პედაგოგების საჭიროებების შესწავლის შემდეგ დაიგეგმა. ჩვენი მიზანია, ადგილობრივ სკოლებში ახალგაზრდებისთვის საყვარელი და თანამედროვე სივრცეები შევქმნათ. მინდა აღვნიშნო, რომ მესტიაში სასკოლო განათლების მხარდასაჭერად საინტერესო პროექტების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ“. - განაცხადა სოფიო ნატროშვილმა, კომპანია სვანეთი ჰიდროს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია სვანეთი ჰიდრო მესტიაში მდინარის მოდინებაზე დაფუძნებულ, არადაგუბებითი ტიპის - მესტიაჭალაჰესს აშენებს. მდინარის მოდინებაზე აგებული ჰესი მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ეკოლოგიურად ყველაზე უსაფრთხო და გარემოზემინიმალური ზემოქმედების მქონე.