2018 წლის 20 ივლისს ეკრანზე პოპულარული ამერიკული მიუზიკლის მამა მიას მეორე ნაწილი, Mamma Mia: Here We Go Again! გამოვა. ნაცნობი მსახიობების - მერილ სტრიპის, კოლინ ფერტის, ამანდა სეიფრიდის, პირს ბროსნანისა და სხვა ვარსკვლავების გარდა, ახალ ნაწილში მონაწილეობას ლეგენდარული მომღერალი და მსახიობი შერიც მიიღებს, რომელიც სტრიპის პერსონაჟის, დონას დედას განასახიერებს.

ფილმის მეორე ნაწილში აქცენტი სოფიზე (ამანდა სეიფრი) გაკეთდება, რომელიც ორსულად არის და ცდილობს გაიგოს, თუ როგორი იყო დედამისი ახალგაზრდობაში.

დღეს ფილმიდან ახალი სცენა გავრცელდა, რომელშიც პერსონაჟები Waterloo-ს მღერიან და დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ფილმი ამ ზაფხულის მთავარი ჰიტი იქნება.

თუმცა ფილმის გარშემო კითხვის ნიშნები მაინც არსებობს. გასული რამდენიმე თვის განმავლობაში, ერთმანეთის მიყოლებით კინოსურათის ორი ტრეილერი გამოვიდა, ფანების უკმაყოფილება კი გამოიწვია იმან, რომ არც ერთ მათგანში მერილ სტრიპის პერსონაჟი დონა არ ჩანს.

სწორედ ამიტომ ფანები შიშობენ, რომ Mamma Mia-ს მეორე ნაწილში, მერილ სტრიპის პერსონაჟი მკვდარია. ამას დაემატა ისიც, რომ მასზე საუბრისას გამუდმებით წარსულს იხსენებენ.