ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო განცხადებას ავრცელებს იმის შესახებ, რომ ქართული ოლიმპიური ნაკრების საზეიმო ჩაცმულობაში, სახელმწიფო სიმბოლოების, სახელმწიფო დროშის და სახელმწიფო გერბის იგნორირება არამართებულია.

სახელმწიფო გერბის ავტორი მამუკა გონგაძე On.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ საბჭოს განცხდება არ არის პროტესტი, არამედ, მათი მხრიდან ეს თანამშრომლობისთვის გაწვდილი ხელია. მისივე თქმით, საბჭოს კანონი ავალდებულებს რომ მსგავსი რეკომენდაცია გასცეს:

"ეს არის არამხოლოდ რეკომენდაცია, არამედ საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკა, როდესაც ოლიმპიელებს აქვთ მინიშნება თუ რომელი ქვეყნის წარმომადგენლები არიან. ამ შემთხვევაში ბორჯღალი ამას ერთმნიშვნელოვნად არ ადასტურებს, ქართველია თუ შუმერი".

მამუკა გონგაძის თქმით, დაახლოებით ორი წელია რაც ოლიმპიურმა კომიტეტმა ემბლემა შეცვალა და დროშის ნაცვლად გერბი ჩასვა:

"იგივე სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები დროშით გამოდიოდა".

ჰერალდიკის საბჭო აცხადებს, რომ სახელმწიფო სიმბოლოებისგან მსგავსი დისტანცირება ამცირებს ქვეყნის ცნობადობას საერთაშორისო ასპარეზზე და სამართლიან გაკვირვებას თუ უკმაყოფილებას იწვევს საზოგადოებაში:

"ეროვნული სპორტული ფედერაციების ემბლემები იქმნება საზოგადოებრივი ჩართულობის გარეშე, მათზე სახელმწიფო სიმბოლოები ან სრულებით არ არის დატანილი ან სახეცვლილია და ხშირად თითქმის შეუძლებელს ხდის საქართველოსთან ქართველი სპორტსმენების იდენტიფიცირებას".

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს ოლიმპიურ და სპორტული ფედერაციებთან, რადგან აღნიშნულმა ტენდენციამ მიიღო საყოველთაო ხასიათი.