რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მიმართ პროტესტი არ წყდება. ქართველი და უკრაინელი ინტერნეტმომხმარებლები FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ფეისბუქგვერდზე შეფასებაში 1-იანებს და საპროტესტო რევიუს წერენ. #Bloodycup - სისხლიანი თასი ამ პროტესტის ჰეშთეგად იქცა.

"მე საქართველოდან ვარ და ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ", - ქართველი მომხმარებლების დიდი ნაწილი ასეთ შეფასებებს ტოვებს.

უკრაინელი ინტერნეტმომხმარებლები კი FIFA-ს კრიტიკით მიმართავენ და რუსულ აგრესიაზე საუბრობენ:

"ყოველდღე მე ვხედავ ახალგაზრდა ბიჭებს, რომლებიც ფეხების გარეშე ბრუნდებიან დონბასიდან. არც ხელები, არც ფეხები. ისინი ვერასდროს ითამაშებენ ფეხბურთს, მადლობა რუსეთს."

"შეგიძლიათ იპოვოთ ქვეყანა, რომელსაც იმაზე მეტი დოპინგ სკანდალი აქვს ვიდრე რუსეთს? შეგიძლიათ იპოვოთ ქვეყანა, რომელმაც ამ საუკუნეში იმაზე მეტი ტერიტორიის ანექსია მოახდინა ვიდრე რუსეთმა? დარწმუნებული ხართ რომ სამართლიანია ტურნირის ამ ქვეყანაში გამართვა?"

"სისხლიანი თასი სამხედრო აგრესორებისა და მკვლელების ქვეყანაში, შეგრცხვეთ!"

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში სტარტს დღეს, 14 ივნისს აიღებს და 15 ივლისს დასრულდება. საქართველო ჩემპიონატში არ მონაწილეობს და არც ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები ესწრებიან გახსნის ცერემონიას.

ქართველმა ხელოვანებმა ჩემპიონატის მიმართ პროტესტი კრეატიული ფორმით გამოხატეს და პოსტერები შექმნეს, სადაც ფეხბურთის მოედანის 20% მავთულ-ხლართებითაა გამოყოფილი - ამით მათ სიმბოლურად შეახსენეს მსოფლიოს, რომ რუსეთს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ალტერნატიული პოსტერები შექმნა უკრაინელმა დიზაინერმა ანდრეი ერმოლენკომაც. ილუსტრაციებით მან რუსეთის "მეორე მხარე" აჩვენა.

ამავე თემაზე: რუსმა დეპუტატმა ქალებს მოუწოდა, მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში უცხოელებთან სექსი არ ჰქონდეთ