ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანდიდატს ეკონომიკური გამოცდილება უნდა ჰქონდეს და ეს არჩევისას კრიტერიუმი იქნება.

"დღეს შეიკრიბება საპარლამენტო უმრავლესობა, სადაც განიხილება ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატის საკითხი, შესაბამისად განიხილება ახალი ასევე სამთვრობო გუნდის საკითხი. ჩამოყალიბდება სამთავრობო გუნდი და გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის განვითარება. ლოგიკურია ისიც, რომ ეკონომიკური გამოცდილება ჰქონდეს, განსაკუთრებული გამოცდილება ამ მიმართულებით კანდიდატს."

გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერის პოსტზე ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, მამუკა ბახტაძე განიხილება.

ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში მესამე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ, 13 ივნისს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერის გადადგომასთან ერთად, მთავრობის შემადგენლობაც გადამდგარად ითვლება.

პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტმა არსებულ მთავრობას დააკისრა ვალდებულება ახალი მთავრობის არჩევამდე თავისი მოვალეობა შეასრულოს. ამის შემდეგ, შვიდი დღის განმავლობაში, საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უნდა შესთავაზოს, რომელსაც იგი უკვე პარლამენტს წარუდგენს განსახილველად.

ასევე შვიდდღიან ვადაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა უნდა ჩამოაყალიბოს მთავრობის შემადგენლობა და პარლამენტს ნდობის მისაღებად უნდა წარუდგინოს. მან ასევე უნდა წარადგინოს სამთავრობო პროგრამაც.

ამის შემდეგ, კიდევ შვიდი დღის განმავლობაში, პარლამენტმა ეს ყველაფერი უნდა განიხილოს და კენჭი უყაროს. მაქსიმუმ 21 დღეში ახალი მთავრობა უნდა შეიქმნას.