საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს, 14 ივნისს არასამთავრობო ორანიზაციები მოუწოდებენ სახელმწიფოს დაგეგმოს და განახორციელოს ეფექტიანი პოლიტიკა.

საქართველოს პარლამენტმა 2013 წელს მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (CRPD) რატიფიცირება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გასული 4 წლის განმავლობაში საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით არსებითად არაფერი შეცვლილა, სახელმწიფოს არცერთი რეალური რეფორმა ამ მიმართულებით არ გაუტარებია:

"შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები კვლავ რჩებიან საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე გარიყულ და უჩინარ ჯგუფად, რომლებიც მუდმივად განიცდიან დისკრიმინაციისა და ჩაგვრის სხვადასხვა ფორმებს".

NGO-ები აცხადებენ, რომ სახელმწიფოს უმოქმედობა აღრმავებს არსებულ უთანასწორობას და აძლიერებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოწყვლადობას:

"კონვენციის აღსრულების მიზნით დღემდე გადაუდგმელია აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები. მათ შორის, დღემდე არ შემუშავებულა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების შეფასების სოციალური მოდელი, არ შემუშავებულა გაეროს კონვენციის აღსრულებაზე პასუხისმგებელი მექანიზმი, არ წარმოებულა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულფასოვანი სტატისტიკა და სხვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგანან ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთათვისაც ამ დრომდე არ არსებობს სარეაბილიტაციო სერვისები. აღნიშნული უმთავრესი წინაპირობაა მათი ჯანმრთელობის, განათლების, დასაქმების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისა და დამოუკიდებელი ცხოვრების უფლებების განხორციელებისათვის".

ხელმომწერი ორგანიზაციებია:

  • მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის - MAEE;
  • პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის- PNO;
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR;
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი -EMC;
  • ვოლფრამის სინდრომი-საქართველო - Wolfram Syndrome Georgia;
  • კავშირი ქალი და რეალობა- Woman an Reality;
  • ა (ა) იპ საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი - SACHKHERE’S REGISTERED UNION OF PERSONS WITH DISABILITIES;
  • ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ - FAD;
  • მოძრაობა ინკლუზიური საზოგადოება - საქართველო.