ცხოველები საკუთარი საყვარელი და უცნაური ბუნებით რომ მარტივად ექცევიან ყურადღების ცენტრში, გასაკვირიც არ არის. თუმცა დღეს ცხოველთა სამყაროს ისეთ წარმომადგენელზე მოგიყვებით, რომელმაც საკუთარი გამბედაობით თითქმის ყველა აალაპარაკა.

საქმე ის არის, რომ სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც კარგად ჩანს, რომ ენოტი, არც მეტი არც ნაკლები, 25-სართულიან ცათამბჯენზე ძვრება, უკან მოტოვებული სიმაღლე კი მას საერთოდ არ აშინებს.

უჩვეულო შემთხვევა, რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, აშშ-ში, მინესოტას შტატში მოხდა. მას შემდეგ, რა თქმა უნდა, ინტერნეტის მომხმარებლებისგან გამოხმაურებები და სახალისო პოსტებიც არ შეწყვეტილა.

ცოცვის მოყვარულ ცხოველს უკვე საკუთარი ტვიტერიც აქვს. "დიდი შეცდომა დავუშვი" - წერს ის საკუთარ პროფილზე.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ ამ გაბედულ ენოტს, ცათამბჯენებზე უსაფრთხო ცოცვა და მეტი პოპულარობა ვუსურვოთ.