რუსთავი 2-ის ინფორმაციით, უმრავლესობამ გადაწყვეტილება მიიღო და პრემიერ-მინისტრის პოსტს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე დაიკავებს.

"რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ მმართველმა გუნდმა მომავალ პრემიერთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება და, სავარაუდოდ, ამ პოსტს მამუკა ბახტაძე დაიკავებს", - განაცხადა რუსთავი 2-ის წამყვანმა, პაატა იაკობაშვილმა.

ამასთანავე თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით უმრავლესობის სხდომა 14 ივნისს ჩატარდება, სადაც პრემიერობის კანდიდატი უნდა დასახელდეს.

რა ხდება პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ

საქართველოს კონსტიტუციის 79-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, პრემიერ-მინისტრის გადადგომა იწვევს მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტასაც.

მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანდიდატურა 7 დღის ვადაში უნდა წამოაყენოს.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ასევე 7 დღის ვადაში უნდა შეარჩიოს მინისტრთა კანდიდატურები და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა, ნდობის მისაღებად.

მთავრობის შემადგენლობასთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს სამთავრობო პროგრამა.

მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო პრემიერ-მინისტრმა ასევე 2 დღის ვადაში უნდა დანიშნოს მთავრობის სხვა წევრები. თუ პრეზიდენტი აღნიშნულ ვადაში არ გამოსცემს სამართლებრივ აქტს პრემიერ-მინისტრის დანიშვნის თაობაზე, პრემიერ-მინისტრი დანიშნულად ჩაითვლება.