თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, 14 ივნისს უმრავლესობის სხდომაზე გადაწყდება ვინ იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. კალაძის თქმით, გიორგი კვირიკაშვილის სამომავლო გეგმების შესახებ არაფერი იცის.

"რაც შეეხება გიორგი მოღვაწეობას, ამ წლების განმავლობაში იყო ბევრი წარმატება, მაგრამ იყო ბევრი გამოწვევაც. რაც შეეხება გუნდის განახლებასა და პრემიერის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ახალი სისხლი იძლევა იმის საშუალებას, რომ უფრო ეფექტურები ვიყოთ", - თქვა მერმა.

დღეს, 13 ივნისს გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. მისი გადადგომით ავტომატურად გადაყენებულად მიიჩნევა მთავრობაც და ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებელია.

კვირიკაშვილს არ უთქვამს ვინ შეასრულებს მის მოვალეობას. ამ დროის მონაცემებით, არ ვიცით ვინ ასრულებს პრემიერის მოვალეობას.

რა ხდება პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ

საქართველოს კონსტიტუციის 79-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, პრემიერ-მინისტრის გადადგომა იწვევს მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტასაც.

მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანდიდატურა 7 დღის ვადაში უნდა წამოაყენოს.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ასევე 7 დღის ვადაში უნდა შეარჩიოს მინისტრთა კანდიდატურები და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა, ნდობის მისაღებად.

მთავრობის შემადგენლობასთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს სამთავრობო პროგრამა.

მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო პრემიერ-მინისტრმა ასევე 2 დღის ვადაში უნდა დანიშნოს მთავრობის სხვა წევრები. თუ პრეზიდენტი აღნიშნულ ვადაში არ გამოსცემს სამართლებრივ აქტს პრემიერ-მინისტრის დანიშვნის თაობაზე, პრემიერ-მინისტრი დანიშნულად ჩაითვლება.

გაიგეთ მეტი: