საქართველოს პერმიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი რამდენიმე წუთის წინ გადადგა. კვირიკაშვილს არ უთქვამს ვინ შეასრულებს მის მოვალეობას. ამ დროის მონაცემებით, არ ვიცით ვინ ასრულებს პრემიერის მოვალეობას.

რა წერია საქართველოს კანონმდებლობაში?

  • საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონის (მუხლი 9) მიხედვით, პრემიერის მინისტრის გადადგომასთან ერთად მთელი მთავრობა გადაყენებულად მიიჩნევა;
  • ამავე კანონის (მუხლი 8) მიხედვით, "პირველი ვიცე-პრემიერი ასრულებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობას მისი არყოფნისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე მის ცალკეულ დავალებებს";
  • საქართველოს კონსტიტუციის (მუხლი 801) მიხედვით, მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის იმავე შემადგენლობას აკისრებს მოვალეობის შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე.

რას ამბობენ მთავრობაში და პრემიერის ადმინისტრაციაში?

საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე ვინ იქნება პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი ამაზე ცალსახად ვერც მთავრობის ადმინისტრაციაში და ვერც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პასუხობენ.

მთავრობის ადმინისტრაციაში On.ge-ს განუცხადეს, რომ მათთვის უცნობია დაევალება თუ არა გიორგი კვირიკაშვილის პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის ფუნქცია. მათი განმარტებით, პრეზიდენტის განკარგულებას უნდა დაველოდოთ.

პრეზიდენტმა უკვე გამოსცა განკარგულება გადაყენებული მთავრობის წევრების მოვალეობის შემსრულებლად დამტკიცების შესახებ. განკარგულებაში არ წერია ვინ იქნება პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი.

როგორია საიას განმარტება?

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კონსტიტუციონალისტი, გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ საქართველოს კანონმდებლობაში ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არის. მისი თქმით, პრეზიდენტის განკარგულებაში თუ სრული შემადგენლობა ეწერება ნიშნავს, რომ ნაგულისხმევია ყოფილი პრემიერიც. იმ შემთხვევაში კი, თუ გიორგი კვირიკაშვილი უარს იტყვის ამ ფუნქციის შესრულებაზე, მის მოვალეობას პირველი ვიცე-პრემიერი, ამ შემთხვევაში კი, დიმიტრი ქუმსიშვილი შეასრულებს.

ამავე თემაზე: