გიორგი კვირიკაშვილმა გადადგომის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ იცის როგორ უჭირს ხალხს, მაგრამ მისივე თქმით, რომ არა ქართული ოცნების მიერ გატარებული პოლიტიკა სიტუაცია უფრო რთულად იქნებოდა. მისივე თქმით, კარგი პოლიტიკოსი არა მყისიერ მიზანზე, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაზე უნდა იყოს ორიენტირებული:

"ძალიან კარგად ვიცი, როგორ უჭირს ხალხს, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ოჯახი, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების ურთულეს პირობებში ზრუნავს იმაზე, რომ რამენაირად იშოვოს ლუკმა-პური საკუთრი ოჯახისთვის, საკუთარი შვილებისათვის და გადაირჩინონ თავი. დიახ, ეს ასეა, მაგრამ ისიც აბსოლუტურად ზუსტად ვიცი, რომ არა ჩვენი ეს პოლიტიკა, ამ ხალხისთვის ნორმალური პირობების შექმნის შესაძლებლობა კიდევ ძალიან ბევრი წლით გადავადდებოდა, რის უფლებასაც მე არასოდეს მივცემდი, პირველ რიგში, საკუთარ თავს და მე ვფიქრობ, რომ გუნდიც მთლიანად მოტივირებული იყო, ამ მიზნით გვემოქმედა. მჯერა, რომ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის და მით უფრო მთავრობის მეთაურის ვალდებულებაა ისეთი გადაწყვეტილების მიღება და შესაძლოა, ხშირ შემთხვევაში არაპოპულაური ნაბიჯების გადადგმა, რომელიც გათვლილია არა მყისიერ ერთჯერად შედეგებზე, არამედ ქვეყნის განვითარების პერსპექტივაზე და გრძელვადიან შედეგებზე. მე როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სწორედ ასეთი პოლიტიკა ავირჩიე".

კვირიკაშვილის გადადგომასთან ერთად გადაყენებულად მიიჩნევა საქართველოს მთავრობა. შესაბამისად, მათ პარლამენტმა ნდობა ხელახლა უნდა გამოუცხადოს.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში 10-მდე აქცია ჩატარდა. ყველა შემთხვევაში ისმოდა მთავრობის გადადგომის მოთხოვნა.

მანამდე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, როგორც კი დარწმუნდება, რომ მისი გადადგომა "ქვეყანას წაადგება", თანამდებობას დატოვებს.