ზაფხულში, ჩვენს გარემოცვაში ყოველთვის გამოერევა ერთი უიღბლო, რომელიც კოღოების თავდასხმის სამიზნე ხდება და მწერები მის კანზე თავისუფალი ადგილის საპოვნელად უკვე ერთმანეთს ბრძოლას უცხადებენ.

მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს ადამიანები უიღბლოებად არ დაბადებულან, ისინი კოღოებმა განსაკუთრებული ნიშნით აირჩიეს.

შეგიძლიათ განაგრძოთ თავის დარწმუნება, რომ გემრიელი სისხლი გაქვთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჯობს სტატიის კითხვა აღარ განაგრძოთ.

რატომ კბენენ კოღოები ადამიანებს

იცით, რომ მკბენარა კოღოები მხოლოდ მდედრები არიან? და მათაც ძალიან გასაგები მიზეზები აქვთ: კვერცხების გასავითარებლად და შთამომავლობის დასატოვებლად მათ ადამიანების სისხლი სჭირდებათ.

როცა საკვებს [სისხლს] ეძებენ, კოღოების მადაზე რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას. პირველ ეტაპზე, მათ ის ნახშიროჟანგი იზიდავთ, რომელსაც ჩვენ ამოვისუნთქავთ, შემდეგ კი სხეულის სიმხურვალე იპყრობს მათ ყურადღებას. როცა ძალიან გვიახლოვდებიან, კოღოები უკვე სისხლით სავსე სხეულს კანის სუნით ირჩევენ.

კვლევების მიხედვით, კოღოების მოზიდვაში მნიშვნელოვანია სისხლის ჯგუფი. მათ მსხვერპლს უფრო ხშირად პირველი ჯგუფის სისხლი აქვთ. კოღოებისთვის ნადავლი უფრო გემრიელად გამოიყურება, თუ ის ორსულადაა ან ლუდს სვამს.

თუმცა ეს მონაცემები კოღოების სახეობებზეცაა დამოკიდებული. ის რაც ერთ კოღოს მოსწონს, სხვა სახეობის კოღოს შეიძლება არ მოსწონდეს.

ადამიანის კანზე 400-ზე მეტი ქიმიური ნაერთი აქვს, რომელიც თავის როლს ასრულებს კოღოების მოზიდვაში. ადამიანის კანზე არსებული ბაქტერიები სწორედ ამ ნაერთების ერთმანეთში შერეულ სუნს ქმნის, რომელიც ოფლად გამოიყოფა და ადამიანებს ერთმანეთისგან განსხვავებს. ეს ხსნის იმას, თუ რატომ ინტერესდება კოღო ამა თუ იმ ადამიანით.

ამ ყველაფერში დიდ როლს შესაძლოა ასრულებდეს გენეტიკა, თუმცა ის ასევე დამოკიდებულია განწყობასა და საკვებზე. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, რაც უფრო ოფლიანია სხეული, მშიერი კოღოსთვის ის მით უფრო გემრიელად გამოიყურება.

კოღოებს ფეხის სუნიც იზიდავთ. როგორც ცნობილია, კოღოებს, რომლებსაც მალარია გადააქვთ, ლიმბურგიული ყველიც მოსწონთ. ბაქტერია, რომელიც ამ ყველს განსაკუთრებულ არომატს აძლევს, დაკავშირებულია იმ ბაქტერიებთან, რომლებიც ადამიანების ფეხის თითებს შორის ცხოვრობენ. სწორედ ეს ხსნის იმას, რომ კოღოებს ფეხის სუნი იზიდავთ. კვლევისას, ეს ფენომენი ყველა სახეობის კოღოსთან არ გამეორდა.

თუ კოღოებზე ეს ინფორმაცია საკმარისი არ მოგეჩვენათ, წაიკითხეთ 13 საინტერესო ფაქტი კოღოების შესახებ.