12 ივნისს, სინგაპურში ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული შეხვედრა შედგა. სამიტის შედეგად, დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელიც ოთხი პუნქტისგან შედგება და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება. შეხვედრის პოლიტიკური მნიშვნელობისა და მოლოდინის მიუხედავად, იყო საკითხები, რომელიც სამიტზე მხარეებმა გამოტოვეს. ასევე საზოგადოებას აინტერესებს, რა შეიცვლება ისტორიული შეხვედრის შემდეგ და რას უნდა ელოდოს მსოფლიო ორი ლიდერისგან...

ფოტო: CNN.com

რაზე არ არის საუბარი დოკუმენტში?

მიღწეული შეთანხმების დოკუმენტში, საუბარი არ არის კონკრეტულ ვადებზე და დეტალებზე თუ როგორ და რა დროში მოხდება ფხენიანის ბირთვული იარაღის და მის საწარმოებლად საჭირო ტექნიკური ბაზის განადგურება.

არ არის დათქმული კონკრეტული ვადები, არ არის ცნობილი, თუ როდის დაიწყება რეჟიმის განიარაღების პროცესი, რა ორგანიზაციები, რა მანდატით გაუწევენ მონიტორინგს აღნიშნულ პროცესს.

ასევე, არ არის გაწერილი, თუ რა ვითარება შეიქმნება აღნიშნული შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში.

დოკუმენტი, ასევე, არაფერს ამბობს ჩრდილოეთ კორეისთვის დაწესებული სანქციების გაუქმების შესახებაც. აღნიშნული შეთანხმება კიმ ჩენ ინის რეჟიმისთვის სანქციების მოხსნას არ ითვალისწინებს

რას ამბობენ ლიდერები?

რაც შეეხება შეხვედრის მთავარ ფიგურანტებს, დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს ორივე მათგანი მიღწეული შეთანხმების შემდეგ, კმაყოფილებას არ მალავდა. დონალდ ტრამპის თქმით, იგი აპირებს ახლო მომავალში კიმ ჩენ ინი თეთრ სახლში მიიწვიოს. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ფხენიანში ვიზიტს და ამისთვის მზად არის.

მისი შეხვედრა, დონალდ ტრამპთან კიმ ჩენ ინმა შეაფასა როგორც, ისტორიული მოვლენა და აღნიშნა, რომ მას სურს უკან დატოვოს წარსული. მან ასევე, მადლობა გადაუხადა ტრამპს შეხვედრის ორგანიზებისთვის.

დონალდ ტრამპის თქმით, მათ აღნიშნულ სამიტზე არ ჰქონდათ საკმარისი დრო, რათა დაეწყოთ დეტალური მოლაპარაკებები რეჟიმის განიარაღების ტექნიკურ და ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. ტრამპის თქმით, ამ საქმით სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო დაკავდება.

ტრამპმა გამოთქვა იმედი, რომ კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება მოხდება იმდენად მალე, რამდენადაც ეს ზოგადად შესაძლებელია. ტრამპის თქმით, სანქციების მოხსნაზე ჯერ საუბარი ნაადრევია და ამ საკითხის განხილვა მას შემდეგ დაიწყება, რაც ჩრდილოეთ კორეა დემილიტარიზაციის პირველ მტკიცებულებას წარმოადგენს.

შეხვედრას ძირითადად დადებითად გამოეხმაურა საერთაშორისო თანამეგობრობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ამ მიმართულებით ჩინეთის პოზიცია. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სინგაპურის შეხვედრა არის მოვლენა, რომელიც ახალ ისტორიას ქმნის, უწყების განცხადებაში ასევე, იყო საუბარი ფხენიანისთვის სანქციების მოხსნის საკითხზეც.

რა არის მოსალოდნელი?

როგორც, წარსული თვეების გამოცდილება გვაჩვენებს ამ მიმართულებით პროგნოზირება ძალზედ სარისკო და რთულია, თუმცა გარკვეული კონკრეტიკის გამოკვეთა აქაც შეიძლება.

შეხვედრით ორივე ლიდერი კმაყოფილია, თუმცა დონალდ ტრამპის რიტორიკაში სიფრთხილეც შეინიშნება. მან ჟურნალისტებთან საუბრისას არაერთხელ თქვა, რომ მათი საბოლოო მიზანი მშვიდობაა, თუმცა ამერიკა მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო სცენარს გაითვალისწინებს. ამ დროისთვის ცნობილია, რომ საუბარი არ მიდის ამერიკის სამხედრო პოტენციალისა და კონტინგენტის შემცირებაზე რეგიონში.

ამავდროულად, უმნიშვნელოვანესი იქნება, შეთანხმების სამუშაო პროცესში გადატანა და რეალური შედეგების მიღწევა. როგორც, ტრამპმა თქვა, ამ საკითხზე მისი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი და სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო აქტიურად იმუშავებენ.

ტრამპის თქმით, სწორედ ამ პროცესში გამოჩნდება, თუ რამდენადაა მზად კიმ ჩენ ინი შეასრულოს საკუთარი დანაპირები და გაათავისუფლოს კუნძული ბირთვული იარაღისგან.

"მე როგორც, ადამიანს, რომელსაც შეთანხმებებისა და გარიგებების დადების დიდი გამოცდილება მაქვს, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ კიმ ჩენს ეს შეთანხმება გულწრფელად სურს." განაცხადა ტრამპმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან გამართულ მიღებაზე.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიამ გააშუქა ლიდერის ვიზიტი და შეხვედრა სინგაპურში, თუმცა კონკრეტული შედეგების შესახებ ტელევიზიას მოსახლეობისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია.

სინგაპური მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში დაახლოებით ერთი თვის წინ მოექცა, როცა ცნობილი გახდა, რომ ორი ლიდერის შეხვედრა სწორედ სინგაპურში იგეგმებოდა.

შეხვედრას წინ ჩრდილოეთ კორეასა და ამერიკას შორის უკიდურესად დაძაბული ერთი წელი უსწრებდა. ტრამპი არჩევნებში გამარჯვებამდე და მის შემდეგაც ირწმუნებოდა, რომ არ მისცემდა ჩრდილო კორეელ დიქტატორს საშუალებას შეექმნა ბირთვული იარაღი და ამ მეთოდით, ბირთვული შანტაჟის მსხვერპლად ექცია ამერიკა და მისი მოკავშირეები.

ტრამპისა და კიმის შესაძლო შეხვედრაზე, ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, მალევე დაიწყო საუბრები. მაიკ პომპეოს თანამდებობაზე დამტკიცებიდან რამდენიმე დღეში, ამერიკულ და დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია პომპეოს საიდუმლო ვიზიტის შესახებ ჩრდილოეთ კორეაში. ამის შემდეგ, მიუხედავად დამთბარი რიტორიკისა, ურთიერთობები ორ სახელმწიფოს ლიდერებს შორის არაერთხელ დაიძაბა და რამდენიმეჯერ მხარეებმა მწვავე განცხადებები გაცვალეს.

საბოლოოდ, საქმე იქამდე მივიდა, რომ 24 მაისის თეთრი სახლის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა დონალდ ტრამპის ოფიციალური წერილი კიმ ჩენ ინთან, სადაც ტრაპმი საუბრობდა, რომ ის შეხვედრაში მონაწილეობას აღარ მიიღებდა. მიუხედავად აღნიშნული ფაქტებისა, ისტორიული შეხვედრა და შეთანხმება ორ მხარეს შორის მაინც შედგა, თუმცა მნიშვნელოვანია, თუ საკუთრივ რაზე შეთანხმდნენ დონალდ ტრამპი და თავჯდომარე კიმი.

ამავე თემაზე: რა დოკუმენტს მოაწერეს ხელი და რაზე შეთანხმდნენ კიმ ჩენ ინი და დონალდ ტრამპი