საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს, გია იაკობაშვილს ჰგონია, რომ სექსუალური უმცირესობების ჩამონათვალში სვინგერები და ნუდისტებიც შედიან. ამის შესახებ მან სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.

იაკობაშვილის თქმით, აღნიშნული ჯგუფების ხმა არასაკმარისად ისმის და "საკუთარი სექსუალური გემოვნების" ქონის გამო, ლგბტ თემთან ერთად უნდა იყვნენ მოხსენიებული.

"ლგბტ ჯგუფების სახელით საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები. თვითონ ლგბტ თემის წარმომადგენლები არ ამბობენ ამას [რომ მათი უფლებები დარღვეულია]. ამაზე საუბრობენ მათი "უფლებადამცველები" იმიტომ, რომ ეს არის მათი ბიზნესი", - თქვა სხდომაზე იაკობაშვილმა.

ჩაგრული ჯგუფების კონტექსტში უმცირესობებზე საუბრისას იაკობაშვილმა თქვა, რომ ყურადღება უნდა მიექცეს და საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტში ჩაიწეროს: ბაიკერები, პანკები, აფროქართველები და ვეტერანები.

იაკობაშვილის განცხადებამ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია - საბჭოს სხვა წევრების თქმით, აღნიშნული ჯგუფები თავს ჩაგრულ ჯგუფებად არ მიიჩნევენ და არ განიცდიან დისკრიმინაციას. ამაზე იაკობაშვილმა განაცხადა, რომ მსგავს შემთხვევას თავად შეხვედრია და აღნიშნული პრობლემების შესახებ "მისთვის პანკებს უთქვამთ".

ამავე თემაზე: