მეცნიერებს ახალი თავსატეხი აქვთ - აფრიკაში, ბაობაბის უძველესი გიგანტური ხეები ბოლო წლებია მოულოდნელად ხმებიან.

ხეების ასაკი 1 100-დან 2 500 წლებამდეა და ზოგ შემთხვევაში, მათი სიგანე ავტობუსის სიგრძეს აღემატება. მეცნიერებს ხეების მოულოდნელელ ხმობაზე ზუსტი მიზეზი არ აქვთ, თუმცა ფაქტს კლიმატურ ცვლილებებს უკავშირებენ.

"13 უძველესი ბაობაბიდან ცხრა უკვე აღარ არის. ისინი ნაწილობრივ ან სრულიად გახმნენ და წაიქცნენ, ბოლო 12 წლის განმავლობაში", - აცხადებენ მეცნიერები და დასძენენ, რომ მოვლენას უპრეცედენტო მნიშვნელობა აქვს.

ცხრა გამხმარი ხიდან ოთხი აფრიკის უდიდესი ბაობაბების სიაში იყო. მეცნიერები ამბობენ, რომ მათი განადგურების ერთ-ერთი მიზეზი აუცილებლად არის კლიმატური ცვლილებები, რომელიც მთელ სამხრეთ აფრიკაზე ახდენს გავლენას.

ხეების ხმობის მიზეზს მეცნიერების გუნდი სამხრეთ აფრიკიდან, ამერიკიდან და რუმინეთიდან იძიებს. მკვლევართა ჯგუფი ზუსტი მიზეზის დასადგენად კვლევას აგრძელებს.

ბაობაბი მცენარეებში, რომელსაც ნაყოფი აქვს, ხანგრძლივი სიცოცხლითა და ზომით პირველ ადგილზეა. ის აფრიკის ტროპიკულ ნაწილში იზრდება. ხე მინიმუმ 3 000 წელს ცოცხლობს.

ბაობაბის განადგურება საკმაოდ რთულად მიიჩნევა - ის შეიძლება გადაურჩეს როგორც ცეცხლს, ისე ქერქის გაცლას, რადგან ხე ამ შემთხვევაში ახალ ქერქს იზრდის. როდესაც ის ხმება, ის შიგნიდან ცარიელდება და შემდეგ ეცემა.