საქართველოს პარლამენტის წევრი უმრავლესობიდან, დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა უნდა გადადგეს. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში რამდენიმე წუთის წინ ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა არსებულ გამოწვევებს ვერ უმკლავდება.

"მე გუშინაც ვიძახდი და დღესაც იმავე აზრზე ვარ, რომ ცვლილებები საჭიროა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოქვეყნდა UNICEF-ის კვლევები", - აღნიშნა ჭიჭინაძემ.

მისი თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესებულია.

"როდესაც ჩვენ შევქმენით კომისია [ხორავას ქუჩის საქმეზე] და არ ვენდეთ უმრავლესობას, ვენდეთ ოპოზიციას, რომ ის დაადგენს სიმართლეს და ჩვენ ამის უნარი არ შეგვწევს. როცა ეკონომიკას ვერ ვზრდით, ბანკებს მივეცით საშუალება არანორმალური მოგების მიღების და ისინი კარნახობენ ხელისუფლებას როგორ უნდა მოვიქცეთ. პრაქტიკულად, ყველა კანონს, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, ისინი არღვევენ და ხელისუფლება არ რეაგირებს. მე ვფიქრობ ხალხში გროვდება უკმაყოფილება და გამოსავალი არის, რომ მთავრობა უნდა გადადგეს", - განმარტა დეპუტატმა.

ის ამბობს, რომ ამ გზით კრიზისი განიმუხტება, შეიქმნება ახალი პროგრამა.

სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიაში 12 ივნისს გავრცელდა. ამ დღეს იყო შეხვედრა დანიშნული ქართულ ოცნებაშიც. შეხვედრაზე მისული ჭიჭინაძე ამბობდა, რომ ცვლილებები აუცილებელი იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი პარტიის წევრებმა თქვეს, რომ 3-საათიანი შეხვედრა UNICEF-ის კვლევის განხილვას დაუთმეს.

ამავე თემაზე: