UNICEF-ის "მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის" ბოლო ეტაპზე მიღებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა.

კვლევის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეროვნულ დონეზე, შინამეურნეობების მთლიანი რაოდენობის 4,3%, მოსახლეობის 5%, ბავშვების 6,8% და პენსიონერების 3,7% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.

უკიდურესი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია 1,25 აშშ დოლარი დღეში, რაც საშუალოდ ზრდასრულ პირზე თვეში 82,8 ლარია.

შეფასების თანახმად, უკიდურეს სიღარიბეში მყოფი პირების წილი სოფლად 4%, ხოლო ურბანულ დასახლებებში - 4,5% არის.

ფოტო: UNICEF

კვლევის თანახმად, გასული ორი წლის განმავლობაში ფარდობითი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები შინამეურნეობების წილი 20,7%-დან 22,5%-მდე, ხოლო მოსახლეობის 23,1%-დან 24,8%-მდე გაიზარდა.

ღარიბ შინამეურნეობებში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა 26,8%-დან 31,6%-მდე გაიზარდა.

ამ კვლევის შედეგად მიღებული მონაცემებით, საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა; ყოველი მეხუთე ბავშვი ისეთ შინამეურნეობაში ცხოვრობს, რომლის წევრთა მინიმალური მოთხოვნილებები დაუკმაყოფილებელია.

აღსანიშნავია, რომ შინამეურნეობებში ბავშვთა რაოდენობის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვნად იზრდება ფარდობითი და ზოგადი სიღარიბის მაჩვენებლებიც. მაგალითად, ფარდობითი და ზოგადი სიღარიბის ზღვრებს ქვემოთ ცხოვრობს ერთ ან ორბავშვიანი ოჯახების, შესაბამისად 27,2% და 24,5%. როცა საქმე სამ ან მეტ ბავშვიან შინამეურნეობებს ეხებათ, ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი თითქმის 39,9%-მდე, ხოლო ზოგადი სიღარიბის შემთხვევაში - 33,4%-მდე იზრდება.

ანგარიშში წერია, რომ სიღარიბის ყველა დონეზე, ღარიბ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების პროცენტული წილი კვლავაც უფრო მაღალია, ვიდრე მთელი მოსახლეობის, ან პენსიონერთა პროცენტული 14 მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა 2017 წილი.

"ერთი მხრივ, შინამეურნეობებში, მთლიან მოსახლეობასა თუ ბავშვებში სიღარიბის დაბალი მაჩვენებელი პირდაპირ კავშირშია ოჯახებში ზრდასრულთა განათლების მაღალ დონესთან. მეორე მხრივ, შინამეურნეობაში რეგულარულად დასაქმებული წევრის ყოლა ორჯერ მეტად ამცირებს ბავშვთა ზოგადი და ფარდობითი სიღარიბის რისკს", - ნათქვამია კვლევაში.

კვლევის მიხედვით, სავარაუდოდ, სიღარიბის ზრდა გამოწვეული იყო ეკონომიკური ზრდის შენელებული ტემპით და გაზრდილი სამომხმარებლო ფასებით.

წარმოდგენილი ანგარიში მოკლედ მიმოიხილავს 2017 წლის ივლის-აგვისტოში ჩატარებული "მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის" შედეგებს. აღნიშნული კვლევა 2009 წელს დაწყებული კვლევების მეხუთე ეტაპს წარმოადგენს. "მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა" ოჯახების პანელური გამოკითხვაა, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ყველა რეგიონს მოიცავს. კვლევის მეხუთე ეტაპზე შესაბამისი კითხვარები 4697-მა შინამეურნეობამ შეავსო და მიღებული შედეგები რეპრეზენტატიულია ქვეყნის მასშტაბით.