ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრთან, ნინო კვიტაიშვილთან სამედიცინო ეთიკური ნორმების დარღვევის გამო ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ტრავმატოლოგი მურთაზ მამაგეიშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ინგოროყვამ დღეს განცხადება გაავრცელა.

დღეს 12 ივნისს ეს საკითხი კლინიკის ეთიკის კომისიამ განიხილა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ უკვე მიმართეს ჯანდაცვის სამინისტროსაც, რათა ეს თემა უწყებამაც განიხილოს.

კლინიკის დირექტორი განმარტავს, რომ პაციენტსა და ექიმს შორის მოხდა გაუგებრობა, თუმცა ყველა სამედიცინო გამოკვლევა და საჭირო მომსახურება ჩაუტარდა დროულად.

ინგოროყვას კლინიკაში On.ge-ს განუცხადეს, რომ ექიმი პაცინეტთან პოლიტიკურ პოლემიკაში შევიდა, რაც მიუღებელია და ჩაითვალა ეთიკის ნორმის დარღვევად.

ნინო კვიტაიშვილმა გუშინ, 11 ივნისს ფეისბუქზე დაწერა, რომ პარლამენტთან აქციაზე დაშავდა. მისი მტკიცებით, ინგოროყვას კლინიკაში მას ტრავმატოლოგმა მურთაზ მამაგეიშვილმა ნაციონალური მოძრაობის წევრობის გამო დახმარება არ აღმოუჩინა:

"ექიმი მამაგეიშვილი პასუხად ჩემს ნაციონალური მოძრაობის წევრობაზე მპასუხობს, რომ "მეტის ღირსი ვარ".

მასალის თავდაპირველ ვერსიაში ნათქვამი იყო, რომ ექიმი მურთაზ მამაგეიშვილი ნინო კვიტაიშვილისთვის სამედიცინო დახმარების არაღმოჩენის გამო გაათავისუფლეს, რაც არასწორი ინტერპრეტაცია იყო.