სინგაპურში აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. ისტორიული სამიტის მთავარი თემა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღება იყო.

სამიტი კუნძულ სენტოსას ხუთვარსკვლავიან სასტუმრო Capella-ში ჩატარდა. ოფიციალური შეხვედრის დაწყებამდე ორივე ქვეყნის ლიდერმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვა, რაც 12 წამი გაგრძელდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების წარმატების იმედი აქვს და დარწმუნებულია, რომ ფხენიანისა და ვაშინგტონის ურთიერთობები "დიდებული" იქნება. კიმ ჩენ ინმა დაამატა, რომ შეხვედრის გამართვისთვის არაერთი ბარიერის გადალახვა მოუწიათ.

როგორც The Guardian წერს, როდესაც პოლიტიკოსები ხელის ჩამორთმევის ცერემონიიდან გადიოდნენ კიმმა ტრამპს უთხრა:

"მსოფლიოში ბევრი ადამიანი მოიძებნება, ვინც იფიქრებს, რომ ეს არის სცენა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმიდან".

ფოტო: Jonathan Ernst / Reuters

დაახლოებით, 50 წუთის განმავლობაში ლიდერები პირისპირ საუბრობდნენ (მათთან ერთად მხოლოდ თარჯიმნები იყვნენ). ამის შემდეგ მათ ორივე დელეგაციის მაღალი რანგის წევრები შეუერთდნენ.

აშშ-ის მხრიდან იყვნენ სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, მრჩეველი თავდაცვის საკითხებში ჯონ ბოლტონი და თეთრის სახლის აპარატის უფროსი ჯონ კელი. ჩრდილოეთ კორეის დელეგაციის შემადგენლობაში კი იყვნენ კორეის შრომის პარტიის თავმჯდომარის მოადგილე კიმ იო ჩხოლი, საგარეო საქმეთა მინისტრი ლი იონ ხოб და შრომის პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლი სუ იონი.

ფოტო: Jonathan Ernst / Reuters

ორმხირივი მოლაპარაკებების დაწყებამდე ტრამპმა განაცხადა, რომ მათ დიდი პრობლემა გადაწყვიტეს, რომლის მოგვარებაც აქამდე შეუძლებელი იყო.

"ჩვენ დიდი გამოცდები გველოდება, მაგრამ მე მზად ვარ", - განაცხადა კიმ ჩემ ინმა.

მოლაპარაკებების შემდეგ გაიმართა სამუშაო ლანჩი, რის შემდეგაც ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სამიტზე "ფანტასტიკურ შედეგს" მიაღწიეს და ორივე ქვეყნის ლიდერმა კონკრეტულ დოკუმენტს უნდა მოაწეროს ხელი.

თვითონ დოკუმენტს ტრამპმა მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველი უწოდა:

"ჩვენ არაჩვეულებრივი დღე გავატარეთ და ბევრი რამ გავიგეთ ერთმანეთზე. მე გავიგე, რომ კიმ ჩენ ინი საკმაოდ ნიჭიერი ადამიანია და თავისი ქვეყანა უყვარს. ჩვენ ბევრჯერ შევხვდებით ერთმანეთს".

ფოტო: Saul Loeb / AFP / Getty Images

"დღეს ჩვენ ისტორიული შეხვედრა გვქონდა, გადავწყვიტეთ წარსული უკან დავტოვოთ. მსოფლიოში მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს, რომ ეს შეხვედრა შედგა", - განაცხადა კიმ ჩენ ინმა.

დონალდ ტრამპმა დააიგნორა კითხვა, ისაუბრეს თუ არა ლიდერებმა ოტო ვარმბაიერის შესახებ. ამერიკელი სტუდენტი ოტო ვარმბაიერი ჩრდილოეთ კორეის ციხეში 17 თვე გაატარა, ხოლო აშშ-ში დაბრუნების შემდეგ მალევე გარდაიცვალა. კიმმა არ უპასუხა კითხვა, მზად არის თუ არა, რომ ბირთვულ იარაღზე უარი თქვას.

ტრამპს ჰკითხეს მიიწვევს თუ არა კიმ ჩენ ინს თეთრ სახლში, რაზეც ტრამპმა უპასუხა: "აბსოლუტურად".