ქალთა მოძრაობის წევრი იდა ბახტურიძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინტერვიუს ეხმაურება, სადაც მინისტრმა ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სქესის აღიარება განუხორციელებელ რეფორმად მოიხსენია.

მისი თქმით, თეა წულუკიანი ტრანსგენდერი ადამიანების უფლებებით სპეკულირებს და თავს იწონებს, როგორ არ ასრულებს იმ მოთხოვნას, რომელიც ბოლოს პეტიციის სახით მარტში მირანდა ფაღავასთან ერთად ქალთა მოძრაობამ შეიტანა.

"ჩვენ ვითხოვთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის შეცვლა უზრუნველყოს ტრანსგენდერი ადამიანის მიერ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, რაც გულისხმობს გენდერული დისფორიის დიაგნოზს, მაგრამ არა სქესის კვლავმინიჭების ოპერაციის ცნობას, რომელიც საქართველოში არ კეთდება და ზოგიერთ ტრანსგენდერ ადამიანს არც უნდა ამ მძიმე ქირურგიული ოპერაციის გადატანა", - აცხადებს იდა ბახტურიძე.

მისი განცხადებით, მინისტრმა მოთხოვნა დააიგნორა და პასუხი არ გასცა.

"მეტიც, ახლა თავის გადასარჩენად ამ ადამიანებით მანიპულირებაც გადაწყვიტა", - წერს იდა ბახტურიძე.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მას არასამთავროები სთხოვენ, რომ ის ადამიანი, რომელსაც აქვს მამაკაცის ორგანოები გავატარო ქალად სამოქალაქო რეესტრში და ის, ვისაც აქვს ქალის ორგანოები გაატაროს კაცად.