თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით მოწმის მოსყიდვაში ბრალდებულ მერაბ მორჩაძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. მორჩაძე ბრალს არ აღიარებს.

სასამართლოს განმარტებით, ბრალდებული ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე, ერთ-ერთ მოწმესთან, მიხეილ კალანდიასთან სახლში მივიდა, გაეცნო როგორც ნათესავი და მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გ.ჯ.-ს მამის მეგობარი. მორჩაძემ მას გადასცა თანხა 200 ლარის ოდენობით და პერიოდულად თანხის გადაცემის მიზნით უკავშირდებოდა მოწმეს. მკვლელობის საქმეზე არსებითი განხილვის დაწყების შემდეგ ბრალდებული მორჩაძე კვლავ ეწვია მოწმეს სახლში და ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ მკვლელობაში ბრალდებულის სასარგებლოდ ჩვენების შეცვლა შესთავაზა (ურჩია).

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 30 ივლისს 12 საათზე გაიმართება.

ამავე საქმეზე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს, მირზა სუბელიანს. ის დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული.