ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ამბობს, რომ დაკავებული მირზა სუბელიანი არა მხოლოდ შეუტყობინებლობაში არის დამნაშავე, არამედ მისი დავალებით პროკურორები საქმეს "კერავდნენ".

"ალიან საინტერესოა, დღემდე რატომ არ გაისმა ის, რომ დაკითხონ საქმის პროკურორები, რომლებმაც "შეკერეს" ეს საქმე, ნუ მეთამაშებიან. ჯერ ერთი, მარტო სუბელიანის დაკავებაზე არ მქონდა მე იქ გამახვილებული ყურადღება და ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვუთვალე, რომლებიც დღემდე დაკავებული უნდა ყოფილიყო", - განაცხადა მან რუსთავი 2-ის ეთერში.

სარალიძეს მიაჩნია, რომ 8 ივნისს მირზა სუბელიანის 9-საათიანი დაკითხვა იყო ერთგვარი გარიგება იმასთან დაკავშირებით, რომ "მოჩვენებით დაეკავებინათ" სუბელიანი.

"მაინც მივესალმები, რომ დააკავეს, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ის საფუძველი, რომ თითქოსდა მარტო შეუტყობინებლობა იყო. საქმის გამყალბებლები და მირზა სუბელიანის დავალებით ვინ მოქმედებდა, ის პირები სულ ყველა დაკავებული უნდა იყოს", - განაცხადა სარალიძემ.

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი 9 ივნისს ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. გარდა ამისა, 8 ივნისს მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დააკავეს მერაბ მორჩაძე.